მთისძირის მეხუთე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

მთისძირის მეხუთე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში, დგას ვარდისგორად წოდებულ ადგილზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული შვერილი აფსიდით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა, ოდნავ მოკლე სათავსი, ხოლო დასავლეთიდან – კარიბჭე. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. დაზიანებულია: ჩაქცეულია გადახურვა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები და დასავლეთი კედლის ჩრდილოეთი ნახევარი, განგრეულია აფსიდის ჩრდილოეთი გვერდი, მონგრეულია ჩრდილოეთი სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხე.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთიდან და დასავლეთიდან – კარიბჭიდან. სამხრეთი კარი გარედან თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან – თაღოვანია. დასავლეთი კარიდან სამხრეთი წირთხლის ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიის შიდა სივრცე განათებული იყო ორი სარკმლით. მათგან ერთი აფსიდშია, ხოლო მეორე სამხრეთ კედელში. დარბაზის ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია ოთხკუთხა ნიშა, შუაში კი, თარაზულად გადახურული განიერი კარი, რომელიც ჩრდილოეთის სათავსში გადის.

კარიბჭის გვერდის კედლები ყრუა, დასავლეთით კი, თითქმის მთელ სიგანეზე იყო გახსნილი.

ლიტერატურა

რედაქტირება