მთისძირის მეექვსე ეკლესია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მთისძირის ეკლესია (ყვარლის მუნიციპალიტეტი).

მთისძირის მეექვსე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში. დგას ვარდისგორად წოდებულ ადგილას. ეკლესია თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია, აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით. ეკლესიას ჩრდილოეთიდან ეკვრის გეგმით სწორკუთხა, ოდნავ მოკლე სათავსი, ხოლო დასავლეთიდან მთელ სიგანეზე - კარიბჭე. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. ჩაქცეულია გადახურვა. დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები და დასავლეთ კედლის ნახევარი, ასევე დანგრეულია აფსიდის ჩრდილოეთ გვერდი, მონგრეულია ჩრდილოეთ სათავსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხე.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. სამხრეთ კარი გარედან თარაზულადაა გადახურული, შიგნიდან - თაღოვანია. დასავლეთ კარიდან სამხრეთ წირთხლის ნაწილიღაა შემორჩენილი. ეკლესიის შიდა სივრცე განათებული იყო ორი სარკმლით. მათგან ერთი აფსიდშია, ხოლო მეორე სამხრეთ კედელში - შესასვლელის ოდნავ აღმოსავლეთით. დარბაზის ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთით მოწობილია ოთხკუთხა ნიშა, შუაში კი, თარაზულად გადახურული განიერი კარი, რომელიც ჩრდილოეთის სათავსში გადის.

კარიბჭის გვერდით კედლები ყრუა, დასავლეთით კი თითქმის მთელ სიგანეზე იყო გახსნილი.

ლიტერატურა

რედაქტირება