მთვარის ლიბრაცია
მთვარის ლიბრაცია (ლათ. lībrātiō — „რწევა“) — დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისათვის მთვარის ხილული რხევები.
აღწერა
რედაქტირებაარსებობს რამდენიმე სახის მთვარის ლიბრაცია:
- მთვარის რხევა აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, ეგრეთ წოდებული ოპტიკური (გეომეტრიული) ლიბრაცია გრძედზე (მაქსიმალური სიდიდე 7° 45'), რაც იმის შედეგია, რომ მთვარე ბრუნავს მუდმივი კუთხური სიჩქარით, ხოლო დედამიწის ირგვლივ გარემოიქცევა არათანაბარი სიჩქარით.
- მთვარის ოპტიკური ლიბრაცია განედზე წარმოადგენს მთვარის რხევებს ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით (მაქსიმალური სიდიდე 6° 41'), რაც გამოწვეულია მთვარის ბრუნვის ღერძის დახრით მთვარის ორბიტის სიბრტყის მიმართ. ამის გამო დედამიწისაკენ დროდადრო მოქცეულია მთვარის ხან სამხრეთი, ხან კი ჩრდილოეთი პოლუსი.
- დღეღამური ანუ პარალაქსური მთვარის ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~1°) აიხსნება იმით, რომ დამკვირვებელი დედამიწის ღერძული ბრუნვის გამო გადაადგილდება სივრცეში და მთვარეს დაინახავს სხვადასხვა მიმართულებიდან.
მთვარის ლიბრაციის გამო დედამიწიდან შეიძლება დავაკვირდეთ მთვარის ზედაპირის ნახევარზე მეტს (~59%).
არსებობს კიდევ მთვარის ჭეშმარიტი ანუ ფიზიკური ლიბრაცია (მაქსიმალური სიდიდე ~2'), რაც გამოწვეულია მთვარის სამღერძა ელიფსოიდზე დედამიწის გრავიტაციული ზემოქმედებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 667-668.