მთავართას კომპლექსი

მთავართას კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანიდ

მთავართას კომპლექსი — არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუჩაანიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კილომეტრზე. მაღალი მთის წვერზე, მთიულეთიდან ფშავში გადასასვლელ გზაზე. კომპლექსში შედის წმ. გიორგის ეკლესია, რამდენიმე საცხოვრებელი და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა და გალავანი. კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმ. გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი - ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.

ეკლესია განეკუთვნება გარდამავალ ხანას. დარბაზულია, ნაგებია კლდის ნატეხი ქვით. გარეგანი კუთხეებისა და კონსტრუქციული ნაწილების წყობაში შირიმია გამოყენებული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია კამარა და კონქის უმეტესი ნაწილი, მონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები და სხვა. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის ღერძზე მცირე თაღოვანი სარკმელია, რომლის მარჯვნივ ერთი კვადრატული ნიშია. აფსიდი დარბაზის გრძივი კედლებიდან სხვადასხვა სიგანის მხარეებითაა გამოყოფილი: მათგან ჩრდილოეთისაში, რომელიც სამხრეთისას თითქმის სამჯერ აღემატება, ღრმა ნიშია მოწყობილი. იგი სამკვეთლოს ფუნქციას ასრულებდა. ნიშს ერთ ქვაში გამოკვეთილი თაღი ხურავს, რომლის ქუსლებთან შირიმის მარტივპროფლიანი იმპოსტებია გამოყობილი. მსგავსი პროფილისაა ეკლესიის აფსიდის თაღის შემორჩენილი სამხრეთის იმპოსტიც. ნიშის ზემოთ, კედლის სისქეში, სამალავია. დარბაზის გრძივ კედლებზე გამოყოფილიათით მარტივი პილასტრი, რომელსაც კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში მოწყობილია პატარა ღიობი, საიდანაც რამდენიმე საფეხური ეშვება კამაროვან გვირაბში, რომელიც ჩრდილოეთით მიემართება. გვირაბი აგებულია კლდის ქვებითა და დუღაბით.

საცხოვრებელი ნაგებობა დგას ეზოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გეგმით სწორკუთხაა. შემორჩენილია მისი I სართული II-ის ნახევარი. შენობის ჩრდილო კედელი გალავანშია ჩართული. I სართული კაპიტალური კედლებით რამდენიმე ოთახადაა დაყოფილი. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარე ოთახი დანარჩენებისგან იზოლირებულია და აღმოსავლეთიდან დამოუკიდებელი ქვისკიბიანი შესასვლელი აქვს. ოთახის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო ვიწრო სარკმელია. ოთახს ნატეხი ქვით ნაწყობი ორფერდა ჭერი აქვს. საცხოვრებელი ნაგებობის ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი ორი სარკმლით. რომლებსაც საფეხურად დამუშავებული ძირი აქვთ. ერთი მსგავსი სარკმელი შენობის დასავლეთ კედელშია, იგი სამხრეთ-დასავლეთ ოთახს ანათებდა. ამ სართულის კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. ნაგებობის მეორე სართულის კედლებიდან მხოლოდ მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. შენობას აღმოსავლეთიდან ეკვრის ერთ გრძივ ღერძზე განლაგებული ორი მოზრდილი სადგომი, რომელთაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. ორივე სადგომი თითქმის მთლიანად დანგრეულია. გალავანი წრიული მოხაზულობისაა ნაგებია ნატეხი ქვით. მთავარი შესასვლელი ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილშია, მეორე, შედარებით მომცრო, - სამხრეთ-დასავლეთით. ეს უკანასკნელი მოზრდილი ქვითაა გადახურული. გალავანი აღმოსავლეთ ნაწილში რამდენიმე საისრეა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება