მეჰმედ ემინ აალი-ფაშა
მეჰმედ ემინ აალი-ფაშა (თურქ. Mehmed Emin Âli Paşa; დ. 5 მარტი, 1815, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 7 სექტემბერი, 1871, იქვე) — ოსმალეთის იმპერიის სახელმწიფო მოღვაწე. დიდი ვეზირი 1852, 1855–1856, 1858–1859, 1861 და 1867–1871 წლებში, სულთნების აბდულმეჯიდ I-ისა და აბდულაზიზის მმართველობის პერიოდში.
დაიბადა 1815 წელს, სტამბოლში. მან საფუძვლიანად შეისწავლა ფრანგული ენა, რამაც საშუალება მისცა მალევე შესულიყო ოსმალეთის იმპერიის სამსახურში და მალევე გახდა თარჯიმანი. 1841–1844 წლებში იყო ოსმალეთის ელჩი ბრიტანეთის იმპერიაში. 1846–1852 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა, ხოლო 1852 წლის 6 აგვისტოს დააწინაურეს და გახდა იმპერიის დიდი ვეზირი მუსტაფა რეშიდ-ფაშას ნაცვლად.
მეჰმედ ემინ აალი-ფაშა იყო ბრწყინვალე დიპლომატი, რის შედეგადაც მალევე მიიპყრო ევროპული სახელმწიფოების ყურადღება. ის ბრწყინვალედ იცავდა საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ყველგან და ეწინააღმდეგებოდა ოსმალეთის იმპერიაში აბსოლუტურ მონარქიას, სულთნის განუსაზღვრელ უფლებებს. მწვავედ აკრიტიკებდა მაჰმუდ II-ის მიერ წამოწყებულ რეფორმებს (ტანზიმატ). როცა ის მეორედ იყო დიდი ვეზირი (2 მაისი 1855 — 1 ნოემბერი, 1856) მიაღწია შეთანხმებას ევროპულ სახელმწიფოებთან ყირიმის ომის შემდეგ.
ამის გარდა ის კიდევ სამჯერ იყო ოსმალეთის იმპერიის დიდი ვეზირი. მეხუთედ 1867 წლის 11 თებერვალს გახდა დიდი ვეზირი. ამჯერად, ის სიკვდილამდე ინარჩუნებდა ამ თანამდებობას. გარდაიცვალა სამთვიანი ავადმყოფობის შემდეგ, 1871 წლის 7 სექტემბერს, 56 წლის ასაკში. მეჰმედ ემინ აალი-ფაშა დაკრძალეს სულეიმანიეს მეჩეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- FIKRET ADANIR (2005). Turkey's entry into the Concert of Europe. European Review, 13, pp 395–417 doi:10.1017/S1062798705000530.
- Findley, Carter V. Bureaucratic Reform in the Ottoman Empire: The Sublime Porte, 1789-1922. Princeton, NJ: Princeton University Press, 1980.
- Finkel, Caroline. Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire, 1300-1923. New York: Basic Books, 2006.
- Hanioğlu, M. Şükrü. A Brief History of the Late Ottoman Empire. Princeton: Princeton University Press, 2008.