მეცხენეობა
მეცხენეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ცხენების მოშენება და გამოყენება. მეცხენეობას ევროპისა და აზიის ქვეყნებში მისდევდნენ ჯერ კიდევ ძვ. წ. IV ათასწლეულში. ძვ. წ. II ათასწლეულში ცხენი მცირე აზიიდან შეიყვანეს აფრიკაში. ამერიკაში იგი გავრცელდა XVI საუკუნეში, ხოლო ავსტრალიაში — XVII საუკუნეში. ცნობილია ცხენის ჯიში და ჯიშური ჯგუფი. მეცხენეობის განვითარების პროცესში ჩამოყალიბდა ცხენის 3 ძირითადი ტიპი: საჯდომი, შესაბმელი და საჯაგავი. თანამედროვე სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის პირობებში სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და საავტომობილო მრეწველობის სწრაფად განვითარების გამო ცხენის სულადობა 2-ჯერ შემცირდა. ამჟამად ცხენის სულადობა ყველა კონტინენტზე (გარდა ამერიკისა და აფრიკისა) კლებულობს, ასევეა საქართველოშიც.
თანამედრობე მეცხენეობაში 4 მიმართულება აღინიშნება: სანაშენე, სპორტული, მუშა (გამწევი ძალი) და პროდუქტიული. ბევრ ქვეყანაში მუშა-ცხენი ენერგეტიკული რეზერვია და მექანიკურ გამწევ ძალასთან ერთად იყენებენ.
საქართველოში ცხენს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამხედრო მიზნით, საჯდომ-სასაპალნედ, მსუბუქ სატრანსპორტო სამუშაოზე, მომთაბარე მეცხოველეობაში და სხვა მიზნით. ადგილობრივი ცხენის ჯიშების მაღალ ღირსებაზე მეტყველებს ის, რომ არაბებს თავიანთი ცხენსაშენებისათვის კახეთიდან კონტრიბუციით გაჰყავდათ ფაშატები. შემორჩენილია ცხენის მოვლა-მოშენების 2 სისტემა — თავლური და ჯოგური. ცნობილია ჯოგურ პირობებში მონაშენე 2 უძველესი ჯიში — თუშური და მეგრული. XIX საუკუნის II ნახევარში ჯავახეთში გავრცელდა ჯავახური შესაბმელი მუშა-ცხენი, რომლის ისტორია საქართველოში „დუხობორების“ გადმოსახლებასთან არის დაკავშირებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კობალავა დ., მეცხენეობის განვითარება საქართველოში, თბ., 1981 («მიმოხილვითი ინფორმაცია», სერია 6, ნაკვ. 8);
- ჩხეიძე ნ., კობალავა დ., საქართველოს ადგილობრივი ცხენის ჯიშები, თბ., 1950;
- კობალავა დ., ქსე, ტ. 6, გვ. 646, თბ., 1983