მეტე ფრედერიქსენი
მეტე ფრედერიქსენი, დან.Mette Frederiksen (დ.1977 წ.) - დანიის პოლიტიკური მოღვაწე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, მთავრობის თავმჯდომარე 2019 წლიდან.
მეტე ფრედერიქსენი | |
დანიის პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 27 ივნისი, 2019 |
წინამორბედი | ლარს რასმუსენი |
დაბადებული | 19 ნოემბერი, 1977 ოლბორგი, დანია |
მოქალაქეობა | დანია |
პოლიტიკური პარტია | სოციალ-დემოკრატიული პარტია |
მამა | ფლემინგ ფრედერიქსენი |
დედა | ანეტ ფრედერიქსენი |
მეუღლე | ერიკ ჰარი (2003-14), ბო ტერნბერგი (დაქორწ.2020) |
შვილები | 2 |
განათლება | ოლბორგის უნივერსიტეტი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაადრეული პერიოდი
რედაქტირებამეტე ფრედერიქსენი დაიბადა ჩრდილოეთ დანიის ქალაქ ოლბორგში. გიმნაზიაში სწავლის შემდეგ მან განათლება მიიღო ოლბორგის უნივერსიტეტში ადმინისტრირების და სოციალური მეცნიერებების განხრით, ხოლო შემდგომ - კოპენჰაგენის უნივერსიტეტში აფრიკული კვლევების სპეციალობით. 2000-01 წლებში იგი იყო დანიის პროფკავშირების კონფედერაციის მრჩეველი ახალგაზრდულ საკითხებში.
პოლიტიკური საქმიანობა მეტე ფრედერიქსენმა სკოლის პერიოდში დაიწყო, როდესაც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი 15 წლის ასაკში გახდა.
გზა პოლიტიკური კარიერის მწვერვალისკენ
რედაქტირება2001 წელს ის ფოლკეტინგის წევრი გახდა და პარტიის ოფიციალურ პირად დაინიშნა კულტურის, მედიის და სქესთათანასწორობის საკითხებში. ამასთან, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილედ მუშაობდა.
2011 წელს არჩევნების მოგების შემდეგ ჰელე თორნინგ-შმიდტის პირველ კაბინეტში მეტე ფრედერიქსენი დასაქმების მინისტრად დაინიშნა, ხოლო მის მეორე მთავრობაში - იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელად. 2015 წელს სოციალ-დემოკრატებმა საყოველთაო არჩევნებში მარცხი განიცადეს, რასაც თანამდებობიდან პრემიერ-მინისტრის წასვლა მოჰყვა. ამავდროულად, ვაკანტური გახდა პარტიული ლიდერის თანამდებობა. შიდაპარტიულ არჩევნებში გამარჯვება მეტე ფრედერიქსენმა მოიპოვა, რომელიც პარტიის თავმჯდომარე და ოპოზიციის ლიდერი გახდა მომდევნო ოთხი წლით. 2019 წელს კი მისი მეთაურობით მემარცხენე ძალებმა ფოლკეტინგის არჩევნებში წარმატებას მიაღწიეს და ოთხპარტიული კოალიციის შექმნით ხელისუფლებაში დაბრუნება შესძლეს. 2019 წლის 27 ივნისს დანიას მის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი ჩაუდგა სათავეში.[1]
ტრამპის კაზუსი
რედაქტირებააგვისტოს შუახანებში ახალი პრემიერი მსოფლიოს მედიის ყურადღების ქვეშ აღმოჩნდა თანამედროვე დიპლომატიის ისტორიაში საკმაოდ უცნაური შემთხვევის გამო. ეკონომიკურ საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ტელეკომპანია "ფოქს-ნიუსს" განუცხადა, რომ დონალდ ტრამპი განიხილავდა დანიის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებით შემავალი გრენლანდიის ყიდვის შესაძლებლობებს. დანიის მთავრობის მეთაურმა ამ საკითხის კომენტირებისას გაოგნება ვერ დამალა. მისი თქმით, საბედნიეროდ, ტერიტორიების და ხალხების ყიდვა-გაყიდვის ეპოქა დასრულებულია, ამიტომ გრენლანდიის თემაზე საუბარი აბსურდულ დისკუსიას წარმოადგენს.[2]
ამ პასუხს ამერიკელმა ლიდერმა "საზიზღარი და მიუღებელი განცხადება" უწოდა. მან ტვიტერში დაწერა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი გამოთქმების გამოყენებით არ უნდა ესაუბრებოდნენ, და პროტესტის ნიშნად დანიაში დანიშნული ვიზიტი გადადო.[3]
დიპლომატიური სკანდალის მიუხედავად, ზოგადად ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაუარესება არ მომხდარა.
პოლიტიკა იმიგრაციის სფეროში
რედაქტირებაწინამორბედი მმართველი ლიბერალური პარტიისგან განსხვავებით, სოციალ-დემოკრატები ტრადიციულად მეტად ორიენტირებული აღმოჩნდნენ სოციალური ხარჯების გაღებაზე, თუმცა გაამკაცრეს საიმიგრაციო პოლიტიკა, მათ შორის დევნილების და ოჯახის გაერთიანების პროგრამებთან მიმართებაში. მთავრობამ განიზრახა არაევროპულ იმიგრაციაზე ზედა ზღვარის დაწესება და თავშესაფრის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებამდე დევნილთა გაგზავნა ჩრდილოეთ აფრიკაში შექმნილ განთავსების ცენტრებში.[4] ახალი ინიციატივის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელმა სოციალური შემწეობის მისაღებად კვირაში მინიმუმ 37 სთ მუშაობის მოთხოვნა უნდა დააკმაყოფილოს.[5]
ცხარე დებატები გამოიწვია 2021 წლის მარტის დასაწყისში მინისტრთა კაბინეტის ახალმა გადაწყვეტილებამ. დანია ევროპაში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც სირიელ რეგისტრირებული დევნილთა ერთ ჯგუფს ქვეყანაში საცხოვრებელი ნებართვა ჩამოართვა. ამ ნაბიჯის მოტივად დამასკოს პროვინციაში მათ სამშობლოში უსაფრთხოების დონის გაუმჯობესება დასახელდა, თუმცა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "საერთაშორისო ამნისტიამ" ეს ფაქტი შეაფასა, როგორც შემაძრწუნებელი და უგუნური.[6]
წაულას საკითხი
რედაქტირებაფართო საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია, აგრეთვე, წაულას 17 მილიონიანი პოპულაციის სრული განადგურების გადაწყვეტილებამ მას შემდეგ, რაც ფერმებში დაფიქსირდა ამ ცხოველისგან ადამიანებზე მუტირებული კორონავირუსის გადაცემის შემთხვევები.[7] პრემიერ-მინისტრმა ეს გარემოება საზოგადოებისთვის მაღალ საფრთხედ შეაფასა და ფერმერთა დასახმარებლად პოლიციისა და არმიის ნაწილები გაგზავნა, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრმა გადაწყვეტილება უკანონოდ მიიჩნია და პროტესტის ნიშნად გადადგომა გამოაცხადა. ამ საკითხის გამო ოპოზიციამ თავად პრემიერსაც მოუწოდა თანამდებობის დატოვებისკენ.[8]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირება2003-14 წლებში დაქორწინებული იყო ერიკ ჰარზე.
2014 წლიდან ცხოვრობს ცნობილ კინორეჟისორ ბო ტერნბერგთან. 2020 წლის ივლისში მეტე ფრედერიქსენს მოუხდა საკუთარი ქორწილის გადავადება იმის გამო, რომ ამ ღონისძიებას დაემთხვა ევროკავშირის ლიდერთა შეხვედრა ბიუჯეტისა და კოვიდ-ეპიდემიის დაძლევის საკითხების განსახილველად. თავისი არჩევანი პრემიერმა ქვეყნის ინტერესების პრიორიტეტულობით ახსნა.[9]
პირველი ქორწინებიდან ჰყავს ორი შვილი.
წიგნის გამოცემა
რედაქტირებამეტე ფრედერიქსენი არის ორი წიგნის თანაავტორი:[10]
Epostler (2003);
From Fight to Culture (2004).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Members: Mette Frederiksen thedanishparliament.dk
- ↑ Danish PM: Trump's idea of buying Greenland is absurd al-jazeera.com, 19 August 2019
- ↑ Trump accuses Denmark's leader of 'nasty' response to Greenland overture thehill.com
- ↑ Danish PM Frederiksen takes power and joins Nordic swing to left bbc.com, 27 June 2019
- ↑ Mette Frederiksen: 5 Fast Facts You Need to Know heavy.com
- ↑ Denmark to send almost 100 Syrian refugees home as Damascus is safe newsbreak.com
- ↑ Denmark to kill 17 million mink over coronavirus fears independent.co.uk, 5 November 2020
- ↑ Danish PM faces calls to quit over illegal mink cull dw.com
- ↑ Danish PM postpones wedding to attend Covid-19 meeting edition.cnn.com, 25 June 2020
- ↑ Mette Frederiksen councilwomenworldleaders.org