შოთა მესხია

(გადამისამართდა გვერდიდან მესხია, შოთა)

შოთა მესხია (დ. 27 აპრილი, 1916, ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი — გ. 15 მაისი, 1972, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1955), პროფესორი (1957), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1967). იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ II ტომის რედაქტორი.

შოთა მესხია
დაბადების თარიღი 27 აპრილი, 1916
ობუჯი, ახლანდ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 1972
თბილისი
მოქალაქეობა სსრკ
პროფესია ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
მშობლები მამა: ამბაკო მესხია

ბიოგრაფია

რედაქტირება

1937 წელს დაამთავრა თსუ ისტორიის ფაკულტეტი. მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 წლიდან მოღვაწეობდა თსუ საქართველოს ისტორიის კათედრაზე. 1956 წლიდან გარდაცვალებამდე იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი (1961 წლიდან).

შოთა მესხია იკვლევდა შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის ისეთ საკვანძო პრობლემებს, როგორიცაა: ფეოდალური საქართველოს სოციალ-ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების საფეხურები (საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია), ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოში, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორია, ქართული წყაროთმცოდნეობა და ისტორიოგრაფია, საქართველოს ისტორიის სწავლების მეთოდიკა და სხვა. ამ პრობლემებს მან მიუძღვნა თავისი ნაშრომები: „ქალაქები და საქალაქო წყობილება ფეოდალურ საქართველოში“ (რუსულ ენაზე), „საქალაქო კომუნა შუა საუკუნეების თბილისში“, „დავით აღმაშენებელი“, „ძლევაი საკვირველი“ (მიენიჭა სიმონ ჯანაშიას სახელობის პრემია (1974)) და სხვა. მან გამოსცა საისტორიო წყარო „ძეგლი ერისთავთა“, მასალები შუა საუკუნეების საქართველოს ეკონომიკური ისტორიის, კლასობრივი ბრძოლისა და სამოხელეო წყობის შესახებ. მას ეკუთვნის წყაროთმცოდნეობითი და ისტორიოგრაფიული ხასიათის გამოკვლევები ძველი ქართველი ისტორიკოსების: ლეონტი მროველის, დავით აღმაშენებლის და თამარის ისტორიკოსების, ვახუშტი ბატონიშვილის, თეიმურაზ ბაგრატიონის, ნიკოლოზ დადიანის შესახებ. მონოგრაფია თავისი მასწავლებლის, გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსის სიმონ ჯანაშიას ცხოვრებასა და სამეცნიერო მოღვაწეობაზე.

შოთა მესხია თანაავტორია საქართველოს ისტორიის დამხმარე სახელმძღვანელოსი (1958), აგრეთვე საქართველოს ისტორიის საშუალო სკოლის სახლემძღვანელოებისა, თბილისის ისტორიის, საქართველოს ისტორიის ნარკვევების II და III ტომებისა. მისი მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევები საქართველოს ისტორიაზე გამოქვეყნდა რუსულად დაუცხო ენებზე (ინგლისურად, ფრანგულად, გერმანულად).

შოთა მესხიას პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. არქივი შემოსწირეს მისმა ქალიშვილებმა მანანა და მარინე მესხიებმა 2009 წლის 6 თებერვალს[1].

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 603.
  • შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 3