მერი კინგზლი (ინგლ. Mary Kingsley; დ. 13 ოქტომბერი, 1862, ლონდონი — გ. 3 ივნისი, 1900, საიმონსტაუნი) — ინგლისელი მოგზაური, რომელიც მოგზაურობდა მთელ დასავლეთ აფრიკაში.

მერი ჰენრიეტა კინგზლი

30 წლამდე, მერი ძირითადად ლონდონში ცხოვრობდა და დედას უვლიდა. თუმცა, მშობლების სიკვდილიდან მალევე, 1892 წელს, დასავლეთ აფრიკისაკენ მიმავალ სატვირთო გემზე აღმოჩნდა. კინგზლიმ მამის ბიბლიოთეკაში შეისწავლა აფრიკის ბუნება და წეს-ჩვეულებები, მან დაარწმუნა ბრიტანეთის მუზეუმი, მისი ექსპედიცია დაეფინანსებინათ, რათა აფრიკის ბუნება შეესწავლა. 1893 წელს იგი გადავიდა იმ ადგილას, რომელსაც ახლა ნიგერიის სანაპირო ჰქვია და კონტინენტისაკენ გაემართა.

ტროპიკულ ტყეებში იგი მწერებსა და თევზებს დაეძებდა. მეორე მოგზაურობისას კინგზლი კიდევ უფრო შორს წავიდა სამხრეთით და მდინარე ოგოვეს აჰყვა ჯერ თბომავლით, შემდეგ კი — კანოეთი.

კინგზლიმ ორჯერ იმოგზაურა დასავლეთ აფრიკაში იმ დროს, როდესაც იქაურობას „თეთრკანიანთა სამარეს“ ეძახდნენ. ადგილობრივი ბუნებითა და ხალხით დაინტერესებული კინგზლი პირველი უცხოელი იყო, ვინც ფენგის ტომი ნახა და პირველი ქალი, ვინც კამერუნის ვულკანზე ავიდა. 1897 წელს კინგზლიმ დაწერა წიგნი „მოგზაურობა დასავლეთ აფრიკაში“, რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. მომდევნო წელს იგი ტყვეთა მოსავლელად გაემგზავრა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ციებ-ცხელება შეეყარა და გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • დიდი მოგზაურები, მსოფლიო აღმოჩენა. ქარჩხაძის გამომც. გვ 26, თბ., 2009