მერაბ ლეონიდეს ძე დვალი (დ. 1 იანვარი, 1950, თბილისი) — ქართველი ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერების დოქტორი (1989), პროფესორი (1997).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1972 წელს. 1973-1989 წლებში მუშაობდა მოსკოვში, მ. შ. მოსკოვის თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. 1974 წელს, ქართველ ექიმთა შორის პირველმა გააკეთდა კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, 1981 წელს კი საბჭოთა კავშირში პირველმა დანერგა სხვადასხვა მოდელის ე. წ. „ფაკიური" ლინზები მაღალი ხარისხის რეფრაქციის მანკების კორექციისთვის. 1989–1997 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიის ლაბორატორიას. 1992-1993 წლებში სამუშაოდ მიწვეული იყო ჩინეთში. 1999 წელს თბილისში დააარსა სამხრეთ კავკასიაში პირველი ექსიმერული ლაზერის ცენტრი.

1995 წლიდან მ. დვალი არის საქართველოს ოფთალმოლოგთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი თავმჯდომარე, 1999 წლიდან — შპს თვალის კლინიკა „ახალი მზერის" დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი. 1997–2005 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორია, 2005 წლიდან — თსსუ-ის თვალის სნეულებათა დეპარტამენტის სრული პროფესორი, 2015 წლიდან — თსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ოფთალმოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი. საქართველოში თვალის მიკროქირურგიის დანერგვა-განვითარებისთვის 2002 წელს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში.

ლიტერატურა

რედაქტირება