მენსია ლოპეს დე არო
მენსია ლოპეს დე არო (ესპ. Mencía López de Haro, პორტ. Mécia Lopes de Haro; დ. 1215 — გ. 1270) — კასტილიელი დიდგვაროვანი. გრაფ ალვარო პერეს დე კასტროს მეუღლე, შემდგომში პორტუგალიის დედოფალი 1246-48 წლებში როგორც მეფე სანშუ II-ის ცოლი. მისი და სანშუს ქორწინება პაპმა ინოკენტი IV-მ გააუქმა, რომელმაც მიიჩნია, რომ იგი საკმარისად მაღალი წრიდან არ იყო, რათა პორტუგალიის დედოფალი ყოფილიყო. მიუხედავად ამისა, იგი იყო 1245 წლის პორტუგალიის კრიზისის ცენტრალური ფიგურა.
მენსია ლოპეს დე არო | |
---|---|
პორტუგალიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1246 |
მმართ. დასასრული: | 4 იანვარი, 1248 |
წინამორბედი: | ურაკა კასტილიელი |
მემკვიდრე: | მატილდა II ბულონელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1215 |
დაბ. ადგილი: | ბისკაია, კასტილიის სამეფო |
გარდ. თარიღი: | 1270 |
გარდ. ადგილი: | პალენსია, კასტილიის სამეფო |
მეუღლე: |
ალვარო პერეს დე კასტრო სანშუ II, პორტუგალიის მეფე |
დინასტია: |
არო (დაბადებით) ბურგუნდიული (მეორე ქორწინებით) |
მამა: | ლოპე დიას II დე არო |
დედა: | ურაკა ალფონსინა ლეონელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამენსია დაიბადა 1215 წელს ქ. ბისკაიაში, კასტილიის სამეფოში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ლოპე დიას II დე აროსა და მისი მეუღლის, ლეონის მეფე ალფონსო IX-ის უკანონო ასულ ურაკა ალფონსინა ლეონელის ქალიშვილი. ამრიგად, დედის მხრიდან იგი სამეფო ოჯახის წევრი იყო, რამაც განსაზღვრა მთელი მისი ცხოვრება.
1234 წლის 29 სექტემბერს, მენსია დაქორწინდა ადგილობრივ გრაფ ალვარო პერეს დე კასტროზე. მათი ქორწინება ხანმოკლე და უნაყოფო აღმოჩნდა, რადგანაც 1240 წელს ალვარო უშვილოდ დაიღუპა.
1239 წელს, ჯერ კიდევ ალვაროს სიცოცხლეში, მენსია საიდუმლოდ დაქორწინდა პორტუგალიის მეფე სანშუ II-ზე, რომელსაც ძალიან უყვარდა იგი. ქორწინების დღიდანვე დაიწყო ბრძოლა მეფესა და კათოლიკურ ეკლესიას შორის. დაბალი და თანაც არალეგიტიმური წარმომავლობის ქალზე ქორწინება სანშუს პაპმა არ მოუწონა და დაუყოვნებლივ განქორწინება მოსთხოვა, რაზეც უარის შემდეგ დაიწყო დიდი ბრძოლა მეფესა და პაპს შორის. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ პაპმა ინოკენტი IV-მ ტახტიდან ჩამოგდებულად გამოაცხადა სანშუ და მეფედ მისი ძმა, აფონსუ III დასვა. ამით პაპისა და მეფის დაპირისპირება ორ ძმას შორის სამოქალაქო ომში გადაიზარდა. ისტორიულად ამას პორტუგალიის კრიზისი ეწოდება. იმავდროულად, პაპმა სანშუსა და მენსიას ქორწინება ანულირებულად გამოაცხადა, თუმცა წყვილი მაინც ერთად დარჩა.
პორტუგალიის სამოქალაქო ომის პერიოდში, სადაც ფორმალურად მეფე ჯერ კიდევ სანშუ იყო, 1246 წელს მენსია პორტუგალიის დედოფად გამოცხადდა. მიუხედავად ამისა, აფონსუ III-ს უძლიერესი კათოლიკური არმია ეხმარებოდა, რომელთა შეწევნითაც დაამარცხა სანშუ, რომელმაც დატოვა სამშობლო და ტოლედოში გადასახლდა, სადაც 1248 წელს გარდაიცვალა.
უკანასკნელი წლები მენსიამ მშობლიურ კასტილიაში, პალენსიაში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1270 წელს. იგი დაკრძალეს სანტა მარია ლა რეალ დე ნახერას კათედრალში.
მენსიასა და სანშუს შვილები არ ჰყოლიათ. ვინაიდან მას არც პირველ ქმართან ჰყოლია შვილები, მიიჩნევა, რომ უნაყოფობა მენსიას ბრალი იყო.
ლიტერატურა
რედაქტირება- LA FIGANIÈRE, Frederico Francisco de, Memorias das rainhas de Portugal, p. 85 a 98, Typographia universal, 1859
- Díaz Martínez, Gonzalo (2000). «La conquista de Andujar: su integración en la Corona de Castilla». Boletín del Instituto de Estudios Giennenses no. 176: pp. 638-639 ISSN 0561-3590.
- SERRÃO, Joaquim Veríssimo, História de Portugal, t. I, 3ª ed., Editorial Verbo
- Adriana Zierer, "Mécia, Matilde e Beatriz: Imagens Femininas Refletidas nas Rainhas de Portugal do Século XIII", Revista Mirabilia, vol. 3, article 8