მელიტინა კირპიჩოვა-მილოვიდოვა

მელიტინა კირპიჩოვა-მილოვიდოვა (დ. 7 იანვარი, 1887, სტავროპოლი — გ. 31 მაისი, 1923) — რუსი ფიზიკოსი. მელიტინა იყო სანქტ-პეტერბურგის ინსტიტუტის (შემდგომში ლენინგრადის ინსტიტუტი) პირველი ქალი მასწავლებელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

მელიტინა ვლადიმერის ასული მილოვიდოვა დაიბადა 1887 წლის 7 იანვარს სტავროპოლში, გიმნაზიის მასწავლებლის, ვლადიმერ თევდორეს ძე მილოვიდოვის ოჯახში. მელიტინას მამა გიმნაზიაში ასწავლიდა ზოოლოგიას, ფიზიკას, ქიმიასა და ბოტანიკას. ზოოლოგიის გაკვეთილებზე ევოლუციის შესახებ დარვინისეული იდეების პროპაგანდის გამო ოჯახსი გადაასახლეს სტავროპოლიდან. შემდგომში მილოვიდოვების ოჯახი დასახლდა ეკატერინოდარში (კრასნოდარში). მელიტინამ საკუთარი ინტერესი ასტრონომიისა და მათემატიკის მიმართ ჯერ კიდევ გიმნაზიაში გამოავლინა. საშუალო განათლება მან მიიღო „სტოიუნინის გიმნაზიაში“ (პეტერბურგი). პეტერბურგში ყოფნის პერიოდში მელიტინამ გაიცნო შემდგომში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი მ. კირპიჩოვი, რომელსაც ცოლად გაყვა. ამ პერიოდიდან მელიტინა მოიხსენიება როგორც კირპიჩივა-მილოვიდოვა.

მელიტინა კირპიჩოვა-მილოვიდოვამ თავდაპირველად მუშაობა დაიწყო პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ზოგადი ფიზიკის კათედრის ასისტენტის თანამდებობაზე. ამ კათედრას სკობელნიცი მეთაურობდა. 1906 წელს სკობელნიცის კათედრის ლაბორანტად დაინიშნა ა. იოფე. პოლიტექნიკუმის კედლებში მან განაგრძო საკუთარი კვლევები. 1916 წელს იოფე ამავე ინსტიტუტში პროფესორი გახდა და დაბეჭდა სტატია „მყარი დიელექტრიკების ელექტროგამტარობა“. ამ სტატიის ავტორები იყვნენ მელიტინა კიპიჩოვა-მილოვიდოვა და იოფე. ნახსენებ სტატიაში ავტორებმა მიზნად დაისახეს შეესწავლათ კრისტალთა ელექტროგამტარობის მექანიზმი. თუ ვისარგებლებთ ტერმინოლოგიით, რომელიც ნახევარგამტერების ფიზიკაში გამოიყენება, იოფემ და მილოვიდოვა-კირპიჩოვამ ერთმანეთისგანგანასხვავეს მინარევული და საკუთარი (ანუ იონური) გამტარობა. ამით მათ შესაძლებლობა მიეცათ ემსჯელათ იონების ძვრადობის სიდიდის, ელექტროგამტარობის ტემპერატურაზე და ძაბვაზე დამოკიდებულების შესახებ, კერძოდ ავტორებმა უჩვენეს, რომ დენის სიდიდე ძაბვაზე დამოკიდებულებით ემორჩილება ომის კანონს. ავტორები აგრეთვე განიხილავენ თუ რა არის საკუთარი იონური გამტარობის წარმოქმნის მიზეზი. ამგვარად, განხილულ ნაშრომში მოცემულია რეალური კრისტალის მნიშვნელოვანი საკითხები მის მოლეკულურ-კინეტიკურ და ელექტრულ თვისებებთან ერთად. ეს ნაშრომი მოგვიანებით, მელიტინას სიკვდილის შემდეგ, იოფემ წარადგინა ბრიუსელში სოლვეის მე-4 კონგრესზე. ამ ნაშრომმა თეორეტიკოსებისა და ექსპერიმენტატორების დიდი ინტერესი გამოიწვია.

შემდგომში მელიტინას ერთი მოხსენება გამოქვეყნდა ერთ-ერთი ჟურნალის ფურცლებზე. ეს სტატია იყო ატომების ქიმიური თვისებებისმიმოხილვა, რომელიც ჩაატარეს ნილს ბორის თეორიისა და კოსელის „ქიმიური კავშირის მოდელის“ საფუძველზე.

1923 წელს მელიტინა კირპიჩოვა-მილოვიდოვა უეცრად ავად გახდა და გარდაიცვალა ამავე წლის 31 მაისს, 36 წლის ასაკში. აღსანიშნავია იოფეს სიტყვით გამოსვლა სამეცნიერო საბჭოს სხდომაზე:

სიკვდილამდე 3 დღით ადრე მან ჩაინიშნა კიდევ 5 მოვლენა, რომლებიცუნდა გამოგვეკვლია რენტგენის სხივების საშუალებით. მთელი სიცოცხლე არაჩვეულებრივი სიმტკიცით ზრდიდა იგი თავს, სწავლობდა ისე, რომ წუთსაც არ კარგავდა: ტრამვაიშიც, მატარებელშიც.

მელიტინას შრომებმა ღირსეული ადგილი დაიკავეს „იოფეს შრომების კრებულში“.

იგი იყო პირველი ფიზიკოსი ქალი, რომელიც ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიავლინეს საზღვარგარეთ გერმანიის და ინგლისის მეცნიერებთან სამეცნიერო კავშირის დასამყარებლად. იგი სამართლიანად ითვლება სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის განთქმული ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტის ერთ-ერთ ორგანიზატორად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 76-79, თბ., 1988.