ფუტკარი მეთაფლია
მეთაფლია ფუტკარი, შინაური ფუტკარი (ლათ. Apis mellifera) — მწერი ფუტკრის გვარისა, ბინადრობს ოჯახებად. მისი სამშობლოა სამხრეთი აზია, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მრავლდება ნაყარით. სხვადასხვა ბუნებრივ-ეკოლოგიურ პირობებში ჩამოყალიბდა ფუტკრის სხვადასხვა ჯიში: იტალიური, შუა რუსული, კარპატის, უკრაინული, კავკასიური და სხვა. კავკასიის ფუტკრებში გაერთიანებულია დაბლობის ყვითელი და ქართული ფუტკარი. ამ უკანასკნელმა პოპულარობა მოიპოვა თვინიერებით, პროდუქტიულობითა და ხორთუმის სიგრძით (6-8-7,2 მმ).
მეთაფლია ფუტკარი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Apis mellifera | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
ფუტკრის ოჯახი შედგება ერთი დედის, მრავალი ათასი მუშა და რამდენიმე ათასი მამალი ფუტკრისაგან. დედა ფუტკარს აქვს დიდი ტანი (20-25 მმ, მასა 200-250 მგ), მოკლე ხორთუმი, მკვეთრად განვითარებული სასქესო ორგანოები; არ აქვს ცვილის გამომყოფი ჯირკვლები და მტვრის შემგროვებელი აპარატი, დაკარგული აქვს ფიჭის შენების ინსტინქტი. ის ერთადერთი სრულყოფილი დედალია, რომელიც ნაყოფიერდება მამლისაგან და განაყოფიერებელ კვერცხს დებს. კვერცხის რაოდენობა სეზონის აქტიურ პერიოდში დღე-ღამეში 1500-2000 ც აღწევს. დედა ფუტკრის სიცოცხლის ხანგრძლივობა 4-5 წლამდე გრძელდება, თუმცა მისი პროდუქტიული ნაყოფიერება 1-2 წლით განისაზღვრება.
მუშა ფუტკარი სქესობრივად მდედრია; აქვს განუვითარებელი სასქესო ორგანოები, გრძელი ხორთუმი, სამტვრე კალთები, გამომყოფი ჯირკვლები. მისი ტანის სიგრძე 12-14 მმ, მასა 100 მგ აღწევს. აქვს ფიჭის შენების ინსტინქტი და სხვა. ასრულებს ბევრნაირ ფუნქციას: აგროვებს და გადაამუშავებს საკვებს, ზრდის ახალ თაობას, იცავს ბუდეს და სხვა. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა გაზაფხულ-ზაფხულის აქტიურ პერიოდში 1-1,5 თვით განისაზღვრება, ხოლო შემოდგომა-ზამთარში — 4-6 თვით.
მამალი ფუტკარი გაზაფხულზე ჩნდება და ზაფხულის ბოლომდე ოჯახშია. ღალიანობის დამთავრების შემდეგ მამალ ფუტკრებს ოჯახიდან აძევებენ და ხოცავენ. მათ მხოლოდ გამანაყოფიერებელი ფუნქცია აქვთ. ტანად დიდები არიან, მოკლეხორთუმიანები. არა აქვთ მუშაობის უნარი, სამტვრე კალათები, ცვილის გამომყოფი ჯირკვლები და სხვა. ვითარდებიან პართენოგენეზურად, გაუნაყოფიერებელი კვერცხიდან.
დედა, მუშა და მამალი ფუტკრების თანაცხოვრება წარმოქმნის ბიოლოგიურად ერთ მთლიან ოჯახს, რომლისთვისაც დამახასიათებელია საკვების დაგროვების, ფიჭის შენების, გამრავლებისა და გარემოსთან ურთიერთკავშირის რთული ინსტინქტები. მეთაფლია ფუტკარი ბინადრობს პრიმიტიულ ან სტანდარტულ სკებში, ვერტიკალურად განლაგებულ ფიჭებზე. წლის სხვადასხვა პერიოდში ფუტკრის ოჯახი სხვადასხვა სიძლიერისაა. ამ პერიოდებში შესაბამისად თაფლის, ბარტყისა და ჭეოს რაოდენობაც სხვადასხვა აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ხიდეშელი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 432.
- ჟღენტი ს., ჟღენტი გ., ფუტკრის მოვლა-მოშენება, თბ., 1951.