მედუზების ტბა
მედუზების ტბა (ინგლ. Jellyfish Lake) — ზღვიური ტბა პალაუში, კლდოვან კუნძულებზე. გაწოლილია კუნძულ ეილ-მალკის აღმოსავლეთ ნაწილში. ზედაპირის ფართობი 0,057 კმ², მაქსიმალური სიღრმე 50 მ. წარმოადგენს მერომიქტულ მლაშე წყალსატევს, რომელიც ოკენისაგან გამოყოფილია 200 მ-იანი მიწის ზოლით. სიგრძე 460 მ, სიგანე 160 მ. მედუზების ტბა წარმოიქმნა დაახლოებით 12 ათასი წლის წინ დედამიწის ქერქის მოძრაობის შედეგად.[1]
მედუზების ტბა | |
---|---|
მედუზების ტბა | |
კოორდინატები: 7°09′40″ ჩ. გ. 134°22′34″ ა. გ. / 7.16111° ჩ. გ. 134.37611° ა. გ. | |
მდებარეობა | პალაუ |
სიგრძე | 0,4 კმ |
სიგანე | 0,16 კმ |
ფართობი | 0,057 კმ² |
მოცულობა | 0,0017 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 30 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 50 მ |
მარილიანობა | 28-32 ‰ |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
მედუზების ტბა ოკეანესთან დაკავშირებულია ძველი მიოცენური რიფის კირქვებში არსებული ნაპრალებითა და გვირაბებით, თუმცა, ამავდროულად ტბა საკმაოდაა იზოლირებული. ცნობილია სციფოიდური მედუზების პოპულაციის ორი განცალკევებული სახეობით: ოქროს მედუზებით (Mastigias papua) და მთვარის მედუზებით (Aurelia). ბუნებრივი მტრების არარსებობის გამო მედუზების რაოდენობამ ტბაში დაახლოებით 2 მილიონს მიაღწია. გარდა ამისა, მედუზების საცეცებმა დაკარგეს მსუსხავი უჯრედები, რის გამოც იზიდავს დაივინგის მოყვარულ მრავალ ტურისტს.[2]
ეილ-მალკის კუნძულზე აგრეთვე მდებარეობს დაახლოებით 10-მდე უფრო წვრილი მედუზებით დასახლებული ტბა, თუმცა სნორკელინგი მხოლოდ მედუზების ტბაშია დაშვებული. წყალი ტბაში ორ ფენადაა დაყოფილი: ზედა ფენად, რომელიც წყალში ჟანგბადის დიდ რაოდენობას შეიცავს და ქვედა ფენად, ანუ უჟანგბადო ფენად. ჟანგბადის კონცენტრაცია ტბის წყალში 15 მ სიღრმემდე კლებულობს დაახლოებით ხუთი მემილიონედიდან ნულამდე. ფენებად ტბის წყლის გაყოფა მუდმივია, ხოლო წყლების სეზონური შერევა არ ხდება. მედუზების პოპულაცია თითქმის დაიღუპა 1998-1999 წლების ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად. ტბის წყლის ტემპერატურა ელ-ნინიოს შედეგად იმდენად გაიზარდა, რომ ზოოქსანტელები ვერ გადარჩნენ. ამ გარემოებამ, სავარაუდოდ გამოიწვია თითქმის მთელი პოპულაციის განადგურება. თუმცა, 2000 წლის დასაწყისისთვის პოპულაციის რაოდენობა კვლავ გაიზარდა ამჟამინდელ ნიშნულამდე.[3]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Танцы с медузами или Озеро Медуз. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
- ↑ რესპუბლიკა პალაუ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-15. ციტირების თარიღი: 2010-04-15.
- ↑ Marine Lakes experiments in ecology and evolution. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-22. ციტირების თარიღი: 2012-04-22.