მატნის ციხე — მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ძირას, თითქმის დავაკებულ ფერდობზე. ციხე ერთდროული ნაგებობაა, აუგიათ კახეთის თავადებს, ჩოლოყაშვილებს XVIII საუკუნის შუა წლებში. იგი მოხსენიებული აქვს 1772 წელს კახეთში მყოფ გერმანელ მეცნიერსა და მოგზაურს იოჰან გიულდენშტედტს. ციხე კომპლექსური ნაგებობაა და მოიცავს თავად ციხესიმაგრეს, სხვადასხვა დანიშნულების ორ ნაგებობას, სასახლეს, ეკლესიას და კოშკებს.

ციხე გეგმით არასწორი ოთხკუთხედია (50 X 55 მ), რომლის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკებია აღმართული. ციხის გალავანი მაღალია - ძირითადად ორიარუსიანი, ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. შიგნით, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმული ყოფილა საცხოვრებელი ნაგებობები, ხოლო ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე სასახლე. ციხეს შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. სამხრეთ (მთავარ) შესასვლელს ძირს დახრილი ორი სათოფური იცავდა, ხოლო დასავლეთ (სათადარიგო) კარს მაღლა დატანებული ერთი სათოფური. სამხრეთ შესასვლელს სწორკუთხედში ჩასმული ნახევარწრიული თაღი აქვს. თაღის თავზე აგურის წყობის შეღრმავებით, ჯვარია გამოსახული, გვერდებზე - რომბებია.

ციხის შუა ნაწილში დგას ღვთისმშობლის ეკლესია. იგი გეგმით სწორკუთხაა (10,9 X 7,7 მ), ნაგებია რიყის ქვით. კამარა, საბჯენი თაღები და კარ-სარკმელთა ღიობები აგურითაა გამოყვანილი. ეკლესია შიგნით და გარეთ შელესილია. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს.

ციხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში წყაროა.

ლიტერატურა

რედაქტირება