მატილდა დ’უდეკემ დ’აკო
მატილდა დ’უდეკემ დ’აკო (ფრანგ. Mathilde d'Udekem d'Acoz; დ. 20 იანვარი, 1973, ბრიუსელი, ბელგია) — ბელგიელი არისტოკრატი. ბელგიის დედოფალი 2013 წლის 21 ივლისიდან დღემდე როგორც მეფე ფილიპეს მეუღლე. იგი ქვეყნის ისტორიაში პირველი ბელგიელი დედოფალია.
მატილდა დ’უდეკემ დ’აკო | |
---|---|
ბელგიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 21 ივლისი, 2013 |
მმართ. დასასრული: | დღემდე |
წინამორბედი: | პაოლა რუფო დი კალაბრია |
მემკვიდრე: | ამჟამად თანამდებობაზეა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 იანვარი, 1973 |
დაბ. ადგილი: | ბრიუსელი, ბელგია |
მეუღლე: | ფილიპე, ბეგლიის მეფე |
შვილები: |
ელიზაბეტი, ბრაბანტის ჰერცოგინია გაბრიელი ემანუელი ელეონორი |
სრული სახელი: | მატილდა მარია კრისტინა გრიზლენ დ’უდეკემ დ’აკო |
მამა: | გრაფი პატრიკ დ’უდეკემ დ’აკო |
დედა: | გრაფინია ანა მარია კომოროვსკა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამატილდა დაიბადა 1973 წლის 20 იანვარს ბრიუსელში. იგი არის ადგილობრივი გრაფის, პატრიკ დ’უდეკომ დ’აკოსა და მისი მეუღლის, გრაფინია ანა მარია კომოროვსკას პირველი შვილი ხუთიდან. მამის მხრიდან იგი ბელგიელია, ხოლო დედის ხაზით პოლონელი. მას მაგისტრის ხარისხი აქვს ფსიქოლოგიაში. თავად მისი ოჯახი წარმოშობით ფლამანდიელია, თუმცა ვალონიაში ცხოვრობს. აღსანიშნავია ისიც, რომ დედის ხაზით მატილდას ბიძაშვილად ერგება პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, რომელთანაც მას დღემდე აქვს დისტანციური ურთიერთობა.
1999 წლის სექტემბერში იგი ბელგიის კრონპრინც ფილიპეზე დაინიშნა, რომელიც არის ბელგიის მეფე ალბერტ II-ისა და დედოფალ პაოლა რუფო დი კალაბრიას უფროსი ვაჟი. ვინაიდან მატილდა ბელგიელია, მან ხალხის მხარდაჭერა მალევე დაიმსახურა, რამაც ხელი შეუწყო მის სამეფო კარზე ინტეგრაციას. აღსანიშნავია ისიც, რომ მატილდა ფლობს ფრანგულ, გერმანულ,იტალიურ, ინგლისურ და ნიდერლანდურ ენებს. მიუხედავად დედის წარმოშობისა, მას პოლონური არასოდეს უსწავლია.
1999 წლის 4 დეკემბერს ბრიუსელში შედგა მატილდასა და პრინცი ფილიპეს ქორწინება. ამის შემდეგ მას, როგორც მომავალ დედოფალს ბრაბანტის ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა. ამ პერიოდში მან ორი გოგონა და ორი ვაჟი გააჩინა, რის პარალელურადაც იგი აქტიურად იყო ჩაბმული ქვეყნის სოციალურ-კულტურულ საქმიანობასა და საქველმოქმედო საქმიანობაში.
2013 წლის 21 ივლისს მისი მამამთილი, ალბერტ II ტახტიდან გადადგა ფილიპეს სასარგებლოდ, რის შემდეგაც მატილდა ბელგიის დედოფალი გახდა. დედოფლობასთან ერთად იგი ითავსებს ბელგიაში იუნისეფისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტობას.
შვილები
რედაქტირებადედოფალ მატილდას მეფე ფილიპესთან სულ ოთხი შვილი ჰყავს:
- ელიზაბეტი (დ. 25 ოქტომბერი, 2001), ბელგიის ტახტის პირველი მემკვიდრე და ბრაბანტის ჰერცოგინია;
- გაბრიელი (დ. 20 აგვისტო, 2003), ბელგიის ტახტის რიგით მეორე მემკვიდრე;
- ემანუელი (დ. 4 ოქტომბერი, 2005), ბელგიის ტახტის რიგით მესამე მემკვიდრე;
- ელეონორი (დ. 16 აპრილი, 2008), ბელგიის ტახტის რიგით მეოთხე მემკვიდრე;
აღსანიშნავია, რომ ტახტის მემკვიდრე არა მისი ვაჟი, არამედ უფროსი ქალიშვილი, პრინცესა ელიზაბეტია, რაც განპირობებულია იმით, რომ 1991 წელს ბელგიის მემკვიდრული კანონები შეიცვალა, რის მიხედვითაც მონარქიული ტახტი გადადის მონარქიდან არა უფროს ვაჟზე, არამედ უფროს შვილზე, განურჩევლად სქესისა. იგივე კანონი მოქმედებს შვედეთში, ესპანეთსა და ნიდერლანდებშიც.
ლიტერატურა
რედაქტირება- „Mathilde entre dans l'Ordre du Saint-Sépulcre de Jérusalem“, RTBF, 15. Juni 2010
- „La princesse Mathilde, dame de grande-croix de l'Ordre du St Sépulcre“, sudinfo, 14. Juni 2010
- König Philippe von Belgien und Königin Mathilde von Kardinal Edwin O’Brien, Großmeister des Ordens vom Heiligen Grab, zum Kollarriter ernannt, OESSH Newsletter Nr. 41, 01/2016
- News: Bambi für Königin Mathilde der Belgier. Abgerufen am 21. November 2019.