მარკუს მანლიუსი
მარკუს მანლიუს კაპიტოლიუმელი (ლათ. Marcus Manlius Capitolinus, ხანდახან იწერება როგორც Manilius.[1][2]; გ. ძვ. წ. 384) — რომაელი პატრიციუსი, კონსული.
მარკუს მანლიუსის დაბადების და წარმომავლობის შესახებ ცნობები არ მოგვეპოვება. ტიტუს ლივიუსის მიხედვით იგი ძვ. წ. 392 წელს კონსულად იყო არჩეული.[3]
გალების მიერ რომის აღებისას იგი კაპიტოლიუმის მცველთა რიცხვში იყო და როდესაც გალებმა სცადეს ღამით ციხესიმაგრეში შეპარვა და ქალღმერთ იუნონასთვის მიძღვნილი ბატები გააღვიძეს, მათმა ყიყინმა სწორედ მანლიუსი გააღვიძა და იგი არნახული გულადობით შეებრძოლა მათ. მეორე დღეს კი კაპიტოლიუმში გამაგრებულმა ჯარისკაცებმა თავისი დღიური საგზალი აჩუქეს მას დიდი პატივისცემის ნიშნად.
კამილუსის მიერ რომის განთავისუფლების შემდეგ მანლიუსი მიიჩნევდა რომ მისი გმირობა დაივიწყეს და სათანადოდ არ შეაფასეს. მან დაიწყო პლებსის თავის გარშემო შემოკრება, ზოგი ვალებისგან იხსნა, ზოგს სხვა რამითაც დაეხმარა. მალე მან უკვე ღიად დაუწყო პლებეებს აჯანყებისკენ მოწოდება.
ძვ. წ. 385 წელს სენატმა დიქტატორ ავლუს კორნელიუს კოსუსს მოახსენეს მანლიუსის ქმედებების შესახებ. დიქტატორმა იგი მეორე დღესვე სასამართლოში დაიბარა. დიქტატორმა ბრძანა მანლიუსის დაპატიმრება, რითაც ამ უკანასკნელის პოპულატობა ხალხი კიდევ უფრო გაიზარდა. მისი მომხრეების შეთქმულება სულ უფრო და უფრო ფართოვდებოდა. მალე სენატი იძულებული გახდა გაენთავისუფლებინათ მანლიუსი, რამაც მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა. მანლიუსი მოუწოდებდა პლებსს არ ჩაწერილიყვნენ ჯარში და არ გადაეხადათ გადასახადები, საქმე იქამდე მიდიოდა რომ პლებსი კიდევ ერთხელ დატოვებდა რომს.
ძვ. წ. 384 წელს მანლიუსი ისევ დაიბარეს სასამართლოში, ამჯერად მას ბრალად მეფის ძალაუფლებისთვის ბრძოლა ედებოდა, რაც რომში სიკვდილით ისჯებოდა. სასამართლო გაჭიანურდა, როგორც მიიჩნევენ იმის გამო, რომ იგი ტარდებოდა ისეთ ადგილას საიდანაც კარგად ჩანდა კაპიტოლიუმი. რაც ბრალდებას აშკარად ხელს უშლიდა. საბოლოოს გადაწყვიტეს სასამართლო ქალაგარეთ ჩაეტარებინათ, საიდანაც არ ჩანდა კაპიტოლიუმი. აქ უკვე ბრალდების მხარემ იმარჯვა და მარკუს მანლიუს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს.
იგი გადმოაგდეს ტარპეის კლდიდან, რომელზეც დგას კაპიტოლიუმი. სენატის დადგენილებით მანლიუსების გვარში სახელი მარკუსი აიკრძალა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Schneider, Norbert (18 June 2019). Die antiklassische Kunst: Malerei des Manierismus in Italien. LIT Verlag Münster. ISBN 9783643116024.
- ↑ WI-ID Subject Tree.
- ↑ T.R.S. Broughton: The Magistrates Of The Roman Republic. Vol. 1: 509 B.C. - 100 B.C.. Cleveland / Ohio: Case Western Reserve University Press, 1951. Reprint 1968. (Philological Monographs. Hrsg. von der American Philological Association. Vol. 15, 1), p. 92