გალებთან რომისთვის ომი
გალებთან რომისთვის ომი | |||
---|---|---|---|
რომაულ გალური ომების ნაწილი | |||
თარიღი | ძვ. წ. 390 | ||
მდებარეობა | რომის მისადგომები, ქ. რომი | ||
შედეგი | რომაელთა გამარჯვება | ||
მხარეები | |||
| |||
მეთაურები | |||
|
გალების მიერ რომის აღება მოხდა გალების და რომაელების პირველი ომის დროს. ტრადიციისამებრ ეს მოხდა ძვ. წ. 390 წელს.
ომის გამომწვევი მიზეზები
რედაქტირებაძვ. წ. IV საუკუნის დასაწყისში გალების ტომებმა ალპები გადმოლახა ნაყოფიერი მიწების უკმარისობის გამო და ცდილობდა ეთრუსკულ მიწებზე დამკვიდრებას. ძვ. წ. 391 წელს რომში კლუზიუმელების (ეტრუსკები) ელჩები ჩამოვიდნენ გალებთან ომში დახმარების სათხოვნელად. რომაელებმა დახმარებაზე ელჩებს უარი უთხრეს, მაგრამ გალებთან ელჩები მაინც გაგზავნეს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის.
გალებმა რომაელი ელჩები კარგად მიიღეს, მაგრამ კლუზიუმის დანდობაზე უარი განაცხადეს. უარით გაცხარებული რომაელები ეტრუსკულ ჯარს შეუერთდნენ, რაც ბრძოლის დროს გალებმა შენიშნეს, ამასთან, ერთ-ერთმა ელჩმა კვინტუს ფაბიუსმა გალთა ბელადი მოკლა. ეს ყოველგვარ ეთიკურ ნორმებს ეწინააღმდეგებოდა.
გალებმა ჯერ რომში ელჩები გაგზავნეს ფაბიუსების დასჯის მოთხოვნით. სენატმა მათი მოთხოვნა კანონიერად მიიჩნია, მაგრამ იმ მიზეზით რომ ფაბიუსების გვარი ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო, არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა. ამის გარდა იმ წელს (ძვ. წ. 390) ფაბიუსები სამხედრო ტრიბუნებად აირჩიეს. განრისხებული გალები უმალვე რომისკენ გაეშურნენ სწრაფი მარშით. გალების შემყურე ქალაქებში პანიკა იწყებოდა, მაგრამ ისინი ყველას ამცნობებდნენ რომ რომისკენ მიემართებიან.
ალიასთან ბრძოლა
რედაქტირებარომის სამხედრო ტრიბუნები ტიტუს ლივიუსის აზრით ძალიან ცუდად მოემზადნენ გალების დასახვედრად. მათ შეკრიბეს 40 000 კაციანი ჯარი, მაგრამ უმრავლესობა გაუწვრთნელი ახალბედები იყვნენ. მათ ასევე წინასწარ კარგად არ აარჩიეს ბრძოლის ველი. რომის ჯარი ძალიან გაწელილი იყო, რათა მოწინააღმდეგეებს არ შეძლებოდათ ზურგიდან შემოვლა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც გალების წყობაზე მოკლე იყო. ცენტრი ძალიან სუსტი იყო, რეზერვი კი მარჯვენა ფლანგზე ბორცვზე განათავსეს.
გალთა ბელადმა ბრენუსმა ჩათვალა რომ რომაელთა რეზერვი განკუთვნილია იმისთვის რომ როდესაც ხელჩართული ბრძოლა დაიწყება, გალთა ზურგს დაარტყას. ამიტომ მან უპირველეს ყოვლისა ბორცვზე გამაგრებულ რეზერვს დაარტყა.
რომაელებმა ბრძოლა არც დაიწყეს ისე გაიქცნენ. ბრძოლის პროცესში არც ერთი ადამიანი არ დაღუპულა, დაიღუპნენ მხოლოდ პანიკური გაქცევისას ჭყლეტვაში. ბევრი ჯარისკაცი რომის მაგივრად ვეისკენ წავიდა. მდინარე ტიბრისთან მოხდა ჟლეტა, სადაც მთელი მარცხენა ფრთა გაიქცა. ყველა მდინარეში გადახტა თავის საშველად და ვინც ცურვა არ იცოდა ან დამძიმებული იყო იარაღით ყველა დაიხჩო.
მარჯვენა ფრთაზე მყოფებმა თავი ქალაქს შეაფარეს და პანიკაში კარიბჭე არც კი დაკეტეს. ეს სამარცხვინო დამარცხება ძვ. წ. 390 წლის 18 ივლისს მოხდა.
კაპიტოლიუმის ალყა
რედაქტირებაბრძოლის შემდეგ გამარჯვებული გალები რომისკენ დაიძვრნენ. წინ გაშვებულმა მზვერავებმა მოახსენეს რომ ქალაქის კარიბჭე ღიაა და ყარაულები არსად არ ჩანან. გაოცებულმა გალებმა გადაწყვიტეს ღამე ქალაგარეთ გაეტარებინათ და დილიდან შესულიყვნენ ქალაქში.
იმის გამო, რომ ჯარის უმეტესმა ნაწილმა თავი რომს კი არა ვეის შეაფარა, მოსახლეობამ ჩათვალა რომ გადარჩენა ვერავინ ვერ შეძლო. ბრძოლისუნარიანმა ხალხმა თავი კაპიტოლიუმის ციხესიმაგრეს შეაფარა თავისი ოჯახებით. ქურუმებს დაევალათ წმინდა ნივთების ქალაქიდან რაც შეიძლება შორს გატანა და დაცვა. კაპიტოლიუმში პლებეების ადგილი არ იყო, ამიტომ მათაც უნდა დაეტოვებინათ ქალაქი.
მოხუცმა სენატორებმა და ტრიუმფატორებმაც არ ისურვეს ციხესიმაგრეში დამალვა, ისინი გამოეწყვნენ საუკეთესო სამოსში, თავისი წარჩინების ყველა ნიშნით და სპილოს ძვლის სავარძლებში (რაც ასევე მათ წარჩინებაზე მეტყველებდა) დასხდნენ საკუთარი სახლების წინ მტრის მოლოდინში (პლუტარქეს მიხედვით ისინი ფორუმზე შეიკრიბნენ).
დილით გალების ჯარი დაუცველ ქალაქში შევიდა. მათ კაპიტოლიუმთან დატოვეს ყარაულები, თვითონ კი გაიფანტნენ ქალაქის გასაძარცვათ. გამოწყობილი მოხუცი ტრიუმფატორებმა და სენატორებმა ისინი ჯერ დააბნიეს, არ იყვნენ დარწმუნებულნი, ეს ადამიანები არიან თუ ღმერთები, მაგრამ როდესაც ერთ-ერთმა სენატორმა გალ ჯარისკაცს კვერთხი ჩაარტყა თავში, გალები აზრზე მოვიდნენ და დახოცეს ისინი.
როდესაც გალებმა გაძარცვეს ქალაქი, მათ დაცარიელებულ სახლებს ცეცხლი წაუკიდეს. ხანძრის შემდეგ გალებმა გადაწყვიტეს კაპიტოლიუმის შტურმით აღება. ციხესიმაგრე ძალიან ციცაბო კლდეებზე იყო აშენებული. რომაელებმა საშუალება მისცეს გალებს კლდის ნახევარზე ამოცოცებულიყვნენ და მხოლოდ შემდეგ დაუშინეს ქვები და თვითონაც შეეტაკნენ. ამ შტურმში გალებს ისეთი დანაკარგები ჰქონდათ რომ ციხის ასე აღებაზე უარი თქვეს და ალყა შემოარტყეს.
კამილუსის დიქტატორად არჩევა
რედაქტირებაგალების ნაწილი კაპიტოლიუმის ალყით იყო დაკავებული, ხოლო ნაწილი რომის მიდამოებში თარეშობდა საკვების მოსაპოვებლად. ამ მოთარეშეთა რაზმს რომის განდევნილი ყოფილი დიქტატორის კამილუსის მეთაურობით წარმატებით შეებრძოლა არდეუმის ჯარები. ამ ბრძოლის შემდეგ ვეიში თავშეფარებულმა რომაელებმა კამილუსს სთხოვეს მათი მხედართმთავრობა. კამილუსმა სენატის თანხმობის გარეშე უარი განაცხადა დიქტატორობაზე. თანხმობის მისაღებად კაპიტოლიუმში გაგზავნეს ახალგაზრდა მეომარი, რომელიც ღამით საიდუმლო ბილიკებით შეიპარა ციხესიმაგრეში და ალყაშემორტყმულ სენატს გადასცა რომაელთა მოთხოვნები.
სენატში ყველა დათანხმდა რომ ასეთ კრიტიკულ დროს კამილუსსზე უკეთ ვერავინ უხელმძღვანელებდა რომის გაფანტულ ლეგიონებს და იგი დიქტატორად აირჩიეს.
გალებისთვის საიდუმლოდ არ დარჩა ახალგაზრდა რომაელის ციხესიმაგრეში შეპარვა. მათ მალე იპოვეს ბილიკი ნაფეხურებით და გადაწყვიტეს ღამე ჩუმად შეპარულიყვნენ ციხესიმაგრეში. ღამით გალები ისე ჩუმად აძვრნენ გალავანზე რომ ვერც ყარაულებმა და ვერც ძაღლებმა ვერაფერი გაიგეს. გადმოცემის მიხედვით, მიუხედავად შიმშილისა, იუნონას ტაძარში მაინც იყვნენ ქალღმერთისთვის მიძღვნილი ბატები, სწორედ მათ გაიგეს გალების ფათური და ყაყანი ატეხეს, რის შედეგადაც მარკუს მანლიუსმა გაიღვიძა და ყველას იარაღისკენ მოუწოდა, თვითონ კი გალავანზე ამომძვრალი გალები უფსკრულში გადაყარა. ამრიგად რომაელებმა შეძლეს ამ შემოტევის მოგერიება. მარკუს მანლიუსი კი საგანგებოდ დააჯილდოვეს.
კამილუსის მიერ რომის განთავისუფლება
რედაქტირებაგალებსაც და რომაელებსაც შიმშილი აწუხებდათ, გალებს იმიტომ რომ კამილუსის ჯარი მათ თარეშის საშუალებას არ აძლევდა. ამას დაერთო მათ ბანაკში ეპიდემიებიც. ამიტომ ორივე მხარე მოლაპარაკებებზე დათანხმდა. რომაელებს კი შიმშილისგან წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ ჰქონდათ.
გალებმა გამოსასყიდათ 1000 ფუნტი ოქრო მოითხოვეს, რაზეც რომაელები დათანხმდნენ. ამ დროს კამილუსი უკვე ემზადებოდა ვეიდან რომისკენ გამოსალაშქრებლად.
გამოსასყიდის გადაცემის დროს გალებმა ყალბი გუირები მოიტანეს და მეტი ოქრო მოითხოვეს, ხოლო როდესაც რომაელებმა პრეტენზია გამოთქვეს, გალთა ბელადმა სასწორზე ხმალი დადო და თქვა "vae victis" - "ვაი წაგებულთ".
სწორედ ამ დროს გამოჩნდა დიქტატორი კამილუსი თავისი ლეგიონებით და განაცხადა რომ მის გარეშე მოლაპარაკება არაკანონიერია და ლიქტორებს უბრძანა ოქროს სასწორიდან აღება. დიქტატორი მაშინვე შეებრძოლა გალებს და დაამარცხა.
რომის აღდგენა
რედაქტირებაამ გმირობის შემდეგ კამილუსს რომის მეორე დამაარსებელი უწოდეს. ქალაქის განთავისუფლების შემდეგ მან ხელი შეუშალა პლებს რათა ვეიში გადასახლებულიყვნენ და აიძულა რომაელები აღედგინათ დანგრეული სახლები და შენობები, რაც მათ ერთ წელიწადში მოახერხეს.