მარია ტერეზა დე ვალაბრიგა

მარია ტერეზა დე ვალაბრიგა (ესპ. María Teresa de Vallabriga; დ. 5 სექტემბერი, 1758 — გ. 26 თებერვალი, 1820) — ესპანელი არისტოკრატი. ესპანეთის მეფე ფილიპე V-ის უმცროსი ვაჟის, ჩიჩონის გრაფ ლუის ესპანელის მეუღლე და მისი სამი შვილის დედა.

მარია ტერეზა დე ვალაბრიგა
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1758
სარაგოსა, ესპანეთი
გარდაცვალების თარიღი 26 თებერვალი, 1820, (60 წლის)
სარაგოსა, ესპანეთი
ეროვნება ესპანელები
წოდება ჩიჩონის გრაფინია
რელიგია კათოლიციზმი
მეუღლე(ები) ლუისი, ჩიჩონის გრაფი
შვილ(ებ)ი ლუის მარია, კარდინალი
მარია ტერეზა, ჩიჩონის გრაფინია
მარია ლუისა, სან ფერნანდოს ჰერცოგინია
მშობლები მამა: ხოსე იგნასიო დე ვალაბრიგა
დედა: ხოსეფა დე როსა

ბიოგრაფია

რედაქტირება

მარია ტერეზა დაიბადა 1758 წლის 5 სექტემბერს სარაგოსაში. იგი იყო სოლივეტას სენიორ ხოსე იგნასიო დე ვალაბრიგასა და მისი მეუღლის, ხოსეფა დე როსას ქალიშვილი. როგორც გამოჩენილი არისტოკრატი, ბავშვობიდანვე მადრიდის სამეფო კარზე იზრდებოდა. მან დედა ძალიან ადრე დაკარგა, თუმცა მისგან დარჩა უზარმაზარი მემკვიდრეობა, რომელიც მისმა ბაბუამ, წარსულში გავლენიანმა ჰერცგოგმა დე როსამ დააგროვა. აღსანიშნავია, რომ მამამისი მის გათხოვებას შოტლანდიელ დიდგვაროვან ფრანცისკ დრუმონდზე აპრირებდა, რომელზე ქორწინების შემთხვევაშიც მარია ტერეზა დედოფლის ფრეილინა გახდებოდა.

1776 წელს იგი ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და დედოფალ ისაბელ ფარნეზეს უმცროს ვაჟს, ჩიჩონის გრაფ ლუისს, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა. ლუისი ქორწინებიდან სულ რამდენიმე წელიწადში, 1785 წელს გარდაიცვალა, თუმცა მარია ტერეზას დიდი ქონება და სოციალური სტატუსი დაუტოვა.

შემდგომში, როდესაც ესპანეთში ნაპოლეონის ჯარები შეიჭრა, მეფე კარლის მმართველობა დაამხო და იქ თავისი ძმა გაამეფა, მარია ტერეზა აქტიურად თანამშრომლობდა დევნილ სამეფო ოჯახის წევრებთან. იგი რეგულარულად აწვდიდა საჭირო ინფორმაციას ესპანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რაც შემდგომში ფერდინანდ VII-ს დაეხმარა 1813 წელს ბონაპარტეს ჩამოგდებასა და ტახტის დაბრუნებაში.

მარია ტერეზა გარდაიცვალა 1820 წლის 26 თებერვალს, 60 წლის ასაკში.

  1. ლუის მარია (1777-1823), კათოლიკე კარდინალი და ჩიჩონის გრაფი, გარდაიცვალა უცოლ-შვილო;
  2. მკვდარშობილი ბავშვი (1778);
  3. მარია ტერეზა (1779-1828), ჩიჩონის გრაფინია, ცოლად გაჰყვა პიასეს პრინც მანუელ გოდოის, რომელთანაც ერთი ქალიშვილი შეეძინა;
  4. მარია ლუისა (1780-1846), ცოლად გაჰყვა სან ფერნანდოს ჰერცოგს;

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება