მარიამჯვრის წმინდა მარინეს ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

მარიამჯვრის წმინდა მარინეს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მარიამჯვარის ჩრდილოეთით, 2 კილომეტრზე, ტყეში. სავარაუდოდ განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით. გამოყენებული ყოფილა შირიმიც. ძეგლი ძლიერ იყო დაზიანებული: ჩამონგრეული იყო კამარა, გრძივი კედლები 1-1,5 მეტრ სიმაღლეზეღა იყო შემორჩენილი. მათ შორის ჩრდილოეთ კედელი გარედან მიწით იყო დაფარული.

შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ეკლესიის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებული, ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც მცირე ზომის, თარაზულად გადახურული სარკმელი და ორი ოთხკუთხა ნიშაა. ნიშებიდან ერთი აფსიდის სამხრეთ მხართანაა, მეორე - ჩრდილოეთ გვერდის შუაში. სარკმლის ქვემოთ დგას რიყის ქვით ნაშენი, არაწესიერი ფორმის ტრაპეზი. აფსიდი კონქითაა გადახურული. საკურთხევლის ბაქანს ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

გარედან ეკლესიის ჩრდილოეთ კედელი გამაგრებული იყო ორი ნახევარწრიული კონტრფორსით. 1980-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია თვითნებურად აღადგინა, რამაც შენობის ისტორიული ღირებულება მთლიანად დაუკარგა.

ლიტერატურა

რედაქტირება