მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა
მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა — სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საარჩევნო სისტემა, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლები დაყოფილნი არიან საარჩევნო ოლქებად გეოგრაფიული ზონების მიხედვით. გამარჯვებულია ის კანდიდატი, რომელიც ხმების უმრავლესობას მოაგროვებს თავის საარჩევნო ოლქში.
განასხვავებენ აბსოლუტური უმრავლესობის, შედარებითი უმრავლესობის და კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს.
- აბსოლუტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების ნახევარზე მეტს.
- შედარებითი უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების უმრავლესობას სხვა კანდიდატებთან შედარებით.
- კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს არჩეულად ითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს არჩევნებში მონაწილეთა ხმების წინასწარ დადგენილ უმრავლესობას, რომელიც მეტია ხმების ნახევარზე.
მაგალითად, 2/3, 3/4 და ა.შ. (ეს უკანასკნელი სისტემა იშვიათად გამოიყენება). მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის უპირატესობა ისაა, რომ ეთნიკურად და პოლიტიკურად გაყოფილ მოსახლეობას აქვს საკუთარი წარმომადგენლის ყოლის შესაძლებლობა პარლამენტში, იმ შემთხვევაში, თუ ამ ჯგუფებს მყარი დასაყრდენი აქვთ საკუთარ რეგიონებში. მეორე მხრივ, პარტიების წარმომადგენლობა პარლამენტში არ ასახავს ქვეყნის ამომრჩევლების ინტერესებს მთელს ქვეყანაში, ვინაიდან გამარჯვებული კანდიდატი არ წარმოადგენს იმ ამომრჩეველთა ინტერესებს, რომელთაც მისი კანდიდატურისათვის კენჭი არ უყრიათ. გარდა ამისა, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს თითოეულ ოლქში იკარგება იმ კანდიდატისათვის მიცემული ხმები, რომლებმაც უმრავლესობა ვერ მოაგროვეს. მიუხედავად ამ ნაკლოვანებებისა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ბევრ თანამედროვე ქვეყანაში გამოიყენება (ხშირად პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან კომბინაციაში).