მანავის ეკლესია
მანავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში, სოფლის ჩრდილოეთით, ოთხიოდე კილომეტრის მანძილზე, ნასოფლარ თარაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირას, სწორ ადგილზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია მოზრდილი ზომის რიყის ქვითა და ქვიშაქვის ნატეხი ქვით, ალაგ-ალაგ გამოყენებულია შირიმიც. ძლიერ დაზიანებულია: შენობას გადახურვა და კედლების ზედა ნაწილები დანგრეული აქვს. შემორჩენილი კედლებიდან ყველაზე დიდ სიმაღლეზე ჩრდილოეთ კედელი დგას.
აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე გაჭრილია განიერი, გარეთკენ შევიწროვებული სარკმელი. აფსიდის ორივე გვერდში თაღოვანი ნიშაა, რომლებიც იატაკის დონიდან იწება. ორივე ნიშის გვერდით თითო პატარა, სწორკუთხა ნიშაცაა. დარბაზის გრძივი კედლები პილასტრების გარეშეა. გარედან ეკლესიის შემორჩენილი კედლები სადაა. სამხრეთ ფასადის წყობაში ჩატანებულია შირიმის საკმაოდ დიდი, სრულიად დაუმუშავებელი ქვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-III, თბ., 2019. — გვ. 127-128.