მათეუს ჰეცენაუერი

(გადამისამართდა გვერდიდან მათეუს ჰეტცენაუერი)

მათეუს ჰეცენაუერი (გერმ. Matthäus Hetzenauer; დ. 23 დეკემბერი, 1924 — გ. 3 ოქტომბერი, 2004) — ავსტრიელი სნაიპერი, რომელიც ნაცისტური გერმანიის ვერმახტში, აღმოსავლეთის ფრონტის მესამე სამთო დივიზიაში, მსახურობდა. მის ანგარიშზე 345 დადასტურებული ლიკვიდაციაა, აქედან ყველაზე შორ მანძილზე —1100 მეტრზე. 1945 წლის 17 აპრილს დაჯილდოვდა რკინის ჯვრის რაინდის ჯვრით. ჰეცენაუერი ვერმახტის ყველაზე შედეგიან სნაიპერად ითვლება. მესამე სამთო დივიზიაში მასთან ერთად მსახურობდა, ასევე ავსტრიელი, ვერმახტის მეორე ყველაზე შედეგიანი სნაიპერი იოზეფ ალერბერგერი.

მათეუს ჰეცენაუერი
ეროვნება ავსტრიელი
დაბადების თარიღი 23 დეკემბერი, 1924
დაბადების ადგილი ავსტრია, ტიროლი, ბრიქსენ-იმ-თალე
გარდაცვალების თარიღი 3 ოქტომბერი, 2004 (79 წლის)
გარდაცვალების ადგილი ავსტრია, ტიროლი, ბრიქსენ-იმ-თალე
კუთვნილება ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
ჯარის სახეობა ვერმახტის სახმელეთო არმია
სამხედრო სამსახურის წლები 1943–1945
წოდება ეფრეიტორი
ნაწილი მესამე სამთო დივიზია, 144-ე პოლკი
ბრძოლები/ომები მეორე მსოფლიო ომის აღმოსავლეთი ფრონტი
ჯილდოები რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ჰეცენაუერი დაიბადა ავსტრიულ ტიროლში, ბრიქსენ-იმ-თალეს მუნიციპალიტეტში. ამ რეგიონში მცხოვრებ მამაკაცთა დიდი ნაწილი მონადირეობას მისდევდა და თავად მათეუსის მამაც მონადირე იყო, ამიტომ მისთვის ბავშვობიდან მოყოლებული იარაღი უცხო არ ყოფილა. იარაღმა მალე ჩაანაცვლა საბავშვო სათამაშოები. ნადირობისას მათეუსმა ისწავლა კამუფლირების ხელოვნება და ალპების რთულ რელიეფზე გადაადგილება-ორი უნარი, რომელიც მოგვიანებით ძლიერ გამოადგა. ჰეცენაუერის ბიძა იოზეფი ავსტრია-უნგრეთის არმიის ვეტერანი და არაერთი მედლით დაჯილდოვებული იყო, მათ შორის გერმანული რკინის ჯვრის ორდენით. სახლში გამოფენილი ეს მედლები ახალგაზრდა მათეუსისთვის აღმაფრთოვანებელი იყო.

სამხედრო სამსახური

რედაქტირება

ჯარში 1941 წელს, ოპერაცია ბარბაროსას დაწყებამდე გაიწვიეს, როცა ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ის თავდაპირველად სამთო მსროლელთა ასმეორმოცე დივიზიაში მსახურობდა აღმოსავლეთი ფრონტის სამხრეთ სექტორში. 1943 წელს არტილერისტთა სასწავლებელში მოხვდა, სადაც მან თავისი ზუსტი სროლის უნარები წარმოაჩინა და შემდეგ სნაიპერთა სკოლაში გააგზავნეს. სნაიპერის წვრთნა 1944 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში გაიარა, საიდანაც მესამე სამთო დივიზიაში მოხვდა. ოცი წლის მათეუსი ფრონტზე კარპატების მთიანეთში გაიგზავნა. ამ დროს გერმანია უკვე უკან და უკან იხევდა, საბჭოთა არმია კი შეტევაზე იყო გადმოსული. ჰეცენაუერს ევალებოდა გერმანელი სამთო არტილერისტების დაცვა საბჭოთა სნაიპერებისა და მეტყვიამფრქვევეებისგან. მისთვის პრიორიტეტული სამიზნეები იყვნენ წითელარმიელი მეთაურები, რომელთა გასანადგურებლად ხშირად საათობით უწევდა თოვლსა და სიცივეში დამალული ყოფნა და ლოდინი.

ჰეცენაუერი იყენებდა Karabiner 98 k მაუზერის შაშხანას 6x ოპტიკით და Gewehr 43 ნახევრადავტომატურ შაშხანას 4x ოპტიკით. 1944 წლის 6 ნოემბერს თავის ტრავმა მიიღო არტილერიის დაბომბვის შედეგად, რისთვისაც დაჯილდოვდა დაჭრილის ორდენით. 1945 წლის 17 აპრილს კი უბოძეს რკინის ჯვრის რაინდის ჯვრის ორდენიც, შემდეგ თვეში ჰეცენაუერი საბჭოთა ჯარებს ტყვედ ჩაუვარდა. მან ხუთი წელი გაატარა საბჭოთა ტყვეთა ბანაკში.

გათავისუფლებისა და შინ დაბრუნების შემდეგ ჰეცენაუერი დურგალი გახდა, ის 79 წლის ასაკში, 2004 წელს, გარდაიცვალა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Sadowski, Robert A. (2015). Shooter's Bible Guide to Tactical Firearms: A Comprehensive Guide to Precision Rifles and Long-Range Shooting Gear. Skyhorse Publishing.
  • Fellgiebel, Walther-Peer (2000) [1986]. Die Träger des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes 1939–1945 — Die Inhaber der höchsten Auszeichnung des Zweiten Weltkrieges aller Wehrmachtteile (in German). Podzun-Pallas.
  • Scherzer, Veit (2007). Die Ritterkreuzträger 1939–1945 Die Inhaber des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes 1939 von Heer, Luftwaffe, Kriegsmarine, Waffen-SS, Volkssturm sowie mit Deutschland verbündeter Streitkräfte nach den Unterlagen des Bundesarchives (in German). Scherzers Miltaer-Verlag.
  • Thomas, Franz; Wegmann, Günter (1993). Die Ritterkreuzträger der Deutschen Wehrmacht 1939–1945 Teil VI: Die Gebirgstruppe Band 1: A–K (in German). Biblio-Verlag.
  • Kaltenegger, Roland. Eastern Front Sniper: The Life of Matthäus Hetzenauer. — Greenhill Books, 2017.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება