მაგისტრატი მოსამართლე

მაგისტრატი მოსამართლე – რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, რომელიც თავის უფლებამოსილებას ახორციელებს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში. საქართველოში მაგისტრატი მოსამართლის სამოქმედო ტერიტორია და რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. მაგისტრატი მოსამართლეების შემადგენლობას რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში განსაზღვრავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო[1].

საქართველოში სისხლის სამართლის საქმეებზე მაგისტრატი მოსამართლის კომპეტენციას მიეკუთვნება ადამიანის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და იძულებით ღონისძიებასთან დაკავშირებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოტანა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის გადაწყვეტა, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებლის ან/და პროკურორის უკანონო ქმედების გამო საჩივრის გადაწყვეტა, ასევე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება[2].

სამოქალაქო სამართლის საქმეებზე მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5 000 ლარს; ზოგიერთ კატეგორიის უდავო და გამარტივებული წარმოების საქმეებს, თუ მოთხოვნის ან ქონების ღირებულება აღემატება 5 000 ლარს; საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს (გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე)[3].

ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე მაგისტრატი მოსამართლეები განიხილავენ: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს; სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხის თაობაზე საქმეებს; სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავებს; საჯარო სამსახურში შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს; მეწარმის საქმიანობის შემოწმების შესახებ მაკონტროლებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანების გამოცემის თაობაზე საქმეებს; არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების შესახებ ფსიქიატრიული დაწესებულების ან პენიტენციური დაწესებულების მიმართვებს; ტუბერკულოზის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით პირის არანებაყოფლობითი იზოლაციის თაობაზე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ადგილობრივი ერთეულის მიმართვას; პირის შესახებ მონაცემების აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას[4].

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
  2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილი.
  3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლი.
  4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლი.