ლუციუს ვიტელიუსი (ლათ. Lucius Vitellius; დ. დაახლ. ძვ. წ. 5 — გ. დაახლ. ახ. წ. 51) — რომაელი პოლიტიკური მოღვაწე, იმპერატორ ავლუს ვიტელიუსის მამა.

ლუციუს ვიტელიუსის პორტრეტი იმპერატორ ვიტელიუსის მონეტაზე (ახ. წ. 69).

რომის იმპერატორ ტიბერიუსის (14–37) დროს იყო სირიის ლეგატი, აქტიურად უჭერდა მხარს ტიბერიუსის აღმოსავლურ პოლიტიკას. რამდენჯერმე იყო არჩეული კონსულად. 34 წელს ვიტელიუსის უშუალო მხარდაჭერით იბერიის მეფის ფარსმან I-ის ძმამ — მითრიდატემ დიდი სომხეთის ვაკანტური ტახტის დაკავება შეძლო. ვიტელიუსმა ლეგიონების მობილიზაციითა და მესოპოტამიის პართიის სამფლობელოებში შეჭრის მუქარით აღკვეთა პართიის მეფის არტაბან III-ის (13–38) დაგეგმილი ლაშქრობა დიდ სომხეთში და დიპლომატიური სვლებით აიძულა იგი, სამეფო დაეტოვებინა და ჰირკანიაში გაქცეულიყო. პართელ დიდებულთა დახმარებით არტაბანმა კვლავ დაიბრუნა ტახტი. ტიბერიუსის პრინციპატის ბოლო წლებში მდ. ევფრატზე დაიდო შეთანხმება ვიტელიუსსა და არტაბანს შორის, რომლის თანახმად, პართიის მეფე ცნობდა დიდ სომხეთში მითრიდატე იბერიელის მეფობას.

იმპერატორმა გაიუს კალიგულამ (37–41) ვიტელიუსი აღმოსავლეთიდან რომში გაიწვია. როგორც კონსული, მხარს უჭერდა კალიგულას და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა რომის პოლიტიკაში. ვიტელიუსს პოლიტიკური გავლენა არც კლავდიუსის დროს (41-54) დაუკარგავს. ერთხანს ცენზორადაც იყო დანიშნული. გარდაიცვალა მოულოდნელად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ. ლათინური ტექსტი ქართ. თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ, თბ., 1973.
  • მიწიშვილი ნ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • The Cambridge Ancient History, v. 10, Cambr., 1963.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება