ლუნა ლეოპოლდი

ამერიკელი გეომორფოლოგი და ჰიდროლოგი

ლუნა ბერგერ ლეოპოლდი (ინგლ. Luna Leopold; დ. 8 ოქტომბერი, 1915, ალბუკერკე, ნიუ-მექსიკო — გ. 23 თებერვალი, 2006, ბერკლი, კალიფორნია) — წამყვანი ამერიკელი გეომორფოლოგი და ჰიდროლოგი. აშშ-ის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის (1967), ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერებათა აკადემიისა (1971) და ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების (1972) წევრი. ამერიკის გეოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი (1972). ცნობილი ეკოლოგის ალდო ლეოპოლდის შვილი.

ლუნა ლეოპოლდი
დაბ. თარიღი 8 ოქტომბერი, 1915(1915-10-08)[1] [2]
დაბ. ადგილი ალბუკერკე[1]
გარდ. თარიღი 23 თებერვალი, 2006(2006-02-23)[3] [1] [2] (90 წლის)
გარდ. ადგილი კალიფორნია
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა გეოლოგი, ჰიდროლოგი და გეომორფოლოგი
მუშაობის ადგილი კალიფორნიის უნივერსიტეტი და აშშ-ის გეოლოგიური სამსახური
ალმა-მატერი მადისონის ვისკონსინის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი და კალიფორნიის უნივერსიტეტი
მამა ალდო ლეოპოლდი[4]
ჯილდოები ბენჯამინ ფრანკლინის მედალი, პენროუზის მედალი, მეცნიერების ეროვნული მედალი, კირკ ბრაიანის პრემია და სხვა

ბიოგრაფია რედაქტირება

ლუნა ლეოპოლდი დაიბადა 1915 წლის 8 ოქტომბერს, ქალაქ ალბუკერკეში, აშშ-ში. 1936 წელს უისკონსინის უნივერსიტეტში მიენიჭა ბაკალავრის წოდება სამშენებლო ინჟინერიის დარგში, 1944 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტში მაგისტრის წოდება ფიზიკა-მეტეოროლოგიის დარგში, ხოლო 1950 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი გეოლოგიის დარგში.

იგი ფართოდ გახდა ცნობილი ფლუვიალური გეომორფოლოგიის დარგში მოღვაწეობითა და თანაავტორობით შექმნილი კლასიკური წიგნით „ფლუვიალური პროცესები გეომორფოლოგიაში“ (1995). ლეოპოლდმა გეოლოგიურ, გეოგრაფიულ, კლიმატურ, ტრადიციულ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით წამოაყენა ახალი ფილოსოფია წყლის მენეჯმენტის შესახებ. მისი აზრით, წყლის რესურსების მენეჯმენტი არ შეიძლება წარმატებული იყოს, მანამ სანამ იგი გულუბრყვილოდ იქნება აღქმული ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით.

1937–40 წლებში ქალაქ ნიუ-მექსიკოში ინჟინრად მუშაობდა ბუნებრივი რესურსების დაცვის სამსახურში, ხოლო 1940 წელს სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, სადაც 1946 წლამდე დარჩა.

1946–50 წლებში ჰავაიში პაინეპლის კვლევით ინსტიტუტში მთავარ მეტეოროლოგად მუშაობდა, ხოლო 1950–72 წლებში ამერიკის გეოლოგიურ სამსახურში ჰიდროტექნიკოსად (1950–56), მთავარ ჰიდროლოგად (1956–66) და უფროს მკვლევარ ჰიდროლოგად (1966–72).

1972 წლიდან კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოლოგიისა და გეოფიზიკის დეპარტამენტისა და ლანდშაფტური არქიტექტურის დეპარტამენტის პროფესორია.

მიღებული აქვს კალუმის გეოგრაფიული მედალი, სამეცნიერო ეროვნული მედალი, რობერტ ჰორტონის მედალი, პენროუზის მედალი, ბენჯამინ ფრანკლინის ჯილდო და სხვა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება