ლუიზა ბრაიანტი
ლუიზა ბრაიანტი (ინგლ. Louise Bryant; დ. 5 დეკემბერი, 1885 – გ. 6 იანვარი, 1936) — ამერიკელი ფემინისტი, პოლიტიკური აქტივისტი და ჟურნალისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია რუსეთისა და ბოლშევიკების გაშუქებით 1917 წლის ნოემბრის რუსეთის რევოლუციის დროს.
ლუიზა ბრაიანტი | |
---|---|
ბრაიანტის პორტრეტი, 1913 წელი | |
დაბადების სახელი | ანა ლუიზა ბრაიანტი |
დაბადების თარიღი |
5 დეკემბერი, 1885 სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
6 იანვარი, 1936 (50 წლის)[1] სევრესი, საფრანგეთი |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ორეგონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | ჟურნალისტი |
მეუღლე(ები) |
პოლ ტრულინჯერი (1909-1916) ჯონ რიდი (1916-1920) უილიამ ბულიტი (1924-1930) |
შვილ(ებ)ი | ენი მოენ ბულიტი (1924–2007) |
მისი დაბადების სახელი ანა ლუიზა მოჰანია, თუმცა ახალგაზრდობის პერიოდში დაიწყო მისი მამინაცვლის, შერიდან ბრაიანტის გვარის გამოყენება. გაიზარდა ნევადაში, სწავლობდა ნევადას უნივერსიტეტსა და ორეგონის უნივერსიტეტში, რომელიც 1909 წელს ისტორიის ხარისხით დაამთავრა. კარიერა ჟურნალისტიკაში დაიწყო. ორეგონში, პორტლენდში, რედაქტორად მუშაობდა გაზეთ Spectator-ისა და The Oregonian-ისთვის. ამ ქალაქში ყოფნის წლებში (1909–1915) გააქტიურდა ქალთა საარჩევნო უფლების მოძრაობაში. მან 1915 წელს მიატოვა მისი პირველი მეუღლე და გაჰყვა თანამემამულე ჟურნალისტს ჯონ რიდს (რომელზეც 1916 წელს დაქორწინდა). მეგობრობა დაამყარა იმ დროის წამყვან ფემინისტებთან. 1919 წელს ვაშინგტონში ქალთა ეროვნული პარტიის მიტინგის დროს დააპატიმრეს და სამი დღის გატარება მოუხდა ციხეში.
1917 წელს რუსეთის რევოლუციის გაშუქებისას ბრაიანტი წერდა ისეთ რუს ლიდერებზე, როგორებიც არიან კეტრინ ბრეშკოვსკი, მარია სპირიდონოვა, ალექსანდრე კერენსკი, ვლადიმერ ლენინი და ლევ ტროცკი. მისი ახალი ამბები გამოქვეყნდა აშშ-სა და კანადის გაზეთებში, პირველი მსოფლიო ომის შემდგომ წლებში. მისი პირველი მოგზაურობის სტატიების კრებული გამოიცა 1918 წელს, სახელწოდებით, „ექვსი წითელი თვე რუსეთში“. მოგვიანებით, 1919 წელს, მან ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა სახალხო გამოსვლები, რათა წაეხალისებინა საზოგადოება, რომ მხარი დაეჭირათ ბოლშევიკებისთვის.
1920 წელს მისი მეუღლე, ჯონ რიდი ტიფისგან გარდაიცვალა. ბრაიანტმა განაგრძო რუსეთის შესახებ წერა მას მედია Hearst-ისთვის, ასევე წერდა თურქეთის, უნგრეთის, საბერძნეთის, იტალიის, ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნების შესახებ. ამ პერიოდის ზოგიერთი სტატია შეგროვდა 1923 წელს, სახელწოდებით „მოსკოვის სარკეები“. იმავე წელს იგი დაქორწინდა უილიამ სი ბულიტზე, წყვილს ერთადერთი შვილი, ანა ერთი წლის შემდეგ შეეძინა. ბოლო წლებში იტანჯებოდა იშვიათი და მტკივნეული adiposis dolorosa-თი. ბრაიანტი ბოლო ათწლეულში ნაკლებად წერდა და აქვეყნებდა სტატიებს, ასევე, სვამდა ძალიან ბევრს. ხოლო მისმა მეუღლემ, ბულიტმა მოიპოვა ანას ერთპიროვნული მეურვეობა და ბრაიანტს გაშორდა. გარდაიცვალა პარიზში 1936 წელს, დაკრძალეს ვერსალში.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაანა ლუის მოჰანი დაიბადა 1885 წელს სან-ფრანცისკოში, კალიფორნიაში.[2] მისი მამა, ჰიუ მოჰანი, რომელიც პენსილვანიაში დაიბადა, იყო ჟურნალისტი და სპიკერი, აქტიურად იყო ჩართული დემოკრატიული პარტიის პოლიტიკაში.[3] სან-ფრანცისკოში გადასვლის შემდეგ წერდა სხვადასხვა გაზეთისთვის, 1880 წელს მოჰანი დაქორწინდა ლუიზა ფლიკზე, რომელიც გაიზარდა მისი მამინაცვლის, ჯეიმზ სეის რანჩოში, ნევადაში, ჰუმბოლდტის ტბის მახლობლად. მოჰანებს ლუიზას დაბადებამდე ეყოლათ ორი შვილი, ბარბარა (1880) და ლუისი (1882).[3] მოგვიანებით, 1885 წელს, გადავიდნენ რენოში, სადაც მოჰანმა განაგრძო ჟურნალისტური მოღვაწეობა. მამამისი ძალიან ბევრს სვამდა, ერთ დღესაც ოჯახი დატოვა და მის მერე აღარ გამოჩნდა. ლუიზის დედა მას 1889 წელს გაშორდა და დაქორწინდა შერიდან ბრაიანტზე, სატვირთო კონდუქტორზე. წყვილს ორი შვილი ჰყავდა, ფლოიდი (1894) და უილიამი (1896). მიუხედავად იმისა, რომ ოჯახი ცხოვრობდა უადსვორთში, ნევადაში, ლუიზმა მიიღო ჯეიმზ სეის მოწვევა და მის რანჩოში დასახლდა რამდენიმე წლის განმავლობაში. თუმცა, დედის დაჟინებული თხოვნით 12 წლის ასაკში დაბრუნდა უადსვორთში.
უადსვორტისა და რენოს უმაღლეს სკოლაში და ნევადის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლეჯში (ამჟამად ცნობილი როგორც ნევადის უნივერსიტეტი), ბრაიანტს ჟურნალისტიკის, დებატების, ილუსტრაციის, სოციალური ცხოვრების, ცეკვისა და კალათბურთის მიმართ გაუჩნდა ინტერესები.[4] მან დაარედაქტირა სტუდენტური ჩანაწერის „ახალგაზრდა ქალბატონების გამოცემა“ 1905 წელს. დაწერა მოთხრობა, „ფლირტის გზა“ ლიტერატურული ჟურნალისთვის, Chuckwalla. ბაბუამისის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიაში ჩავარდა. მან სკოლაში სწავლა შეწყვიტა, რათა ემუშავა ჯოლონში, კალიფორნიაში. ასწავლიდა ბავშვებს, ძირითადად ახალგაზრდა მექსიკელებს.[4] იმ ზაფხულს იგი გადავიდა ევგენში, ორეგონში, სადაც მისი ძმა ლუი მუშაობდა.[5]
მოგვიანებით ჩაირიცხა ორეგონის უნივერსიტეტში. ეს საკმაოდ პოპულარული უნივერსიტეტი იყო მაშინ, სადაც 500-ზე ნაკლები სტუდენტი სწავლობდა.[6] მან ხელი შეუწყო სოციალური ორგანიზაციის, ზეტა იოტა ფის წამოწყებას,[7] რომლის პირველი პრეზიდენტიც თავად გახდა. ევგენში ყოფნის დროს შექმნა ლექსები და ჩანახატები Oregon Monthly-სთვის.[6] „პურიტანული მორალიზმით“ გაჟღენთილ პატარა ქალაქში ის იყო პირველი, რომელმაც კამპუსში მაკიაჟის გამოყენება დაიწყო; ჰყავდა რამდენიმე მეგობარი ბიჭი და მისი ჩაცმულობის სტილი ხშირად მიუღებელი იყო Oregon Monthly-ის რედაქტორისთვის, მირიამ უოლტერისთვის. 1908 წლის საგაზაფხულო სემესტრში ასწავლიდა ერთოთახიან სკოლაში სტიუარტის კუნძულზე, აშშ-სა და კანადის საზღვართან. შემდეგ კი დაბრუნდა ევგენში, რათა დაემთავრებინა ისტორიის ბაკალავრიატი. მისი საბაკალავრო თეზისი ეხებოდა მოდოკის ომს.
წყაროები
რედაქტირება- Dearborn, Mary V. (1996). Queen of Bohemia: The Life of Louise Bryant. New York: Houghton Mifflin Company. ISBN 978-0-395-68396-5.
- Gardner, Virginia (1982). Friend and Lover: The Life of Louise Bryant. New York: Horizon Press. ISBN 978-0-8180-0233-5.
- Gelb, Barbara (1973). So Short a Time: A Biography of John Reed and Louise Bryant. New York: W. W. Norton & Company. ISBN 978-0-393-07478-9.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Louise Bryant papers (MS 1840). Manuscripts and Archives, Yale University Library. [1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Gardner 1982, p. 294.
- ↑ Dearborn 1996, p. 9.
- ↑ 3.0 3.1 Dearborn 1996, pp. 10–11.
- ↑ 4.0 4.1 Dearborn 1996, pp. 12–17.
- ↑ Dearborn 1996, p. 18.
- ↑ 6.0 6.1 Gardner 1982, pp. 22–23.
- ↑ Dearborn 1996, p. 19.