ლუბოვ სობოლი
ლუბოვ სობოლი (რუს. Любовь Соболь; დაბადებისას: ლუბოვ ფედენევა; დ. 13 სექტემბერი, 1987, მოსკოვის ოლქი) — რუსი საზოგადო მოღვაწე, უფლებადამცველი, ალექსეი ნავალნის მიერ შექმნილი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ იურისტი.
ლუბოვ სობოლი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
13 სექტემბერი, 1987 მოსკოვის ოლქი, რსფსრ, საბჭოთა კავშირი |
ეროვნება | რუსი |
მოქალაქეობა | რუსეთის ფედერაცია |
განათლება | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | საზოგადოებრივი მოღვაწეობა |
შვილ(ებ)ი | იაროსლავა (დ.2014) |
ბიოგრაფია
რედაქტირებაგანათლება და ადრეული კარიერა
რედაქტირებასკოლის დამთავრების შემდეგ ლუბოვმა ჩააბარა მოსკოვის სამართალმცოდნეობის ინსტიტუტში. სტუდენტური ცხოვრების პარალელურად იგი მუშაობდა სასამართლო სხდომის მდივნად და მოსამართლის თანაშემწედ. 2006 წ. მან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც წარჩინებით დაამთავრა.
2011 წელს სობოლი შეუერთდა ალექსეი ნავალნის მიერ ჩამოყალიბებულ ფონდს, რომელიც იძიებდა ჩინოსნების მიერ კორუფციის და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტებს. ფონდში ის პირველი იურისტი და, ამასთან, პირველი თანამშრომელი ქალი გახდა.
2012 წ.სობოლი სხვა აქტივისტებთან ერთად ახორციელებდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების დროს დაკავებულთა და დაპატიმრებულთა იურიდიულ მხარდაჭერას. ანტიკორუფციულ ფონდში მის მიერ მაღალი თანამდებობის პირთა მამხილებელ საქმიანობას მოჰყვა თავდასხმა მის მეუღლეზე, რომლის გადარჩენა სასწრაფო დახმარების მანქანის მეშვეობით მოხერხდა.[1]
2017 წელს სობოლი გახდა ცნობილი ბლოგერი, რომელსაც ალექსეი ნავალნის იუთუბის არხზე რეგულარული გადაცემა მიჰყავდა.
დევნა და შევიწროება
რედაქტირებააქტიური სამოქალაქო საქმიანობის გამო სობოლი არაერთხელ დააკავეს. მხოლოდ 2019 წელს სასამართლოს მიერ მის წინააღმდეგ გამოტანილი ჯარიმების ოდენობამ 16 ათასი ევროს ექვივალენტს მიაღწია. ამავდროულად, ხელისუფლების მხარდამჭერმა მედია-საშუალებებმა დისკრედიტაციის კამპანია გააჩაღეს სობოლის წინააღმდეგ.
2019 წელს ლუბოვ სობოლმა განაცხადი შეიტანა მოსკოვის საქალაქო საბჭოს არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, მაგრამ საარჩევნო კომისიამ მხარდაჭერთა სიაში აღმოჩენილი ნაკლოვანებების მოტივით უარი უთხრა მას კანდიდატად რეგისტრაციაზე. პასუხად სობოლმა შიმშილობა გამოაცხადა და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდა. არასანქციონირებული აქციის ორგანიზებისთვის კი იგი პოლიციამ დააკავა. [2]
იმავე წლის ოქტომბერში ტელერადიოკორპორაცია ბი-ბი-სიმ ის პლანეტის 100 ყველაზე გავლენიან ქალთა შორის გამოაცხადა.[3]
სობოლმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ანტიკორუფციული ფონდის მიერ ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებაში, რის საპასუხოდ პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო მის საცხოვრებელ სახლში და ყველა ელექტრონული ხელსაწყო გაიტანა. თავად სობოლი მხოლოდ ორი დღის შემდეგ გაათავისუფლეს საგამოძიებო იზოლატორიდან.[4]
სობოლმა განაცხადა სახელმწიფო დუმის არჩევნებში მონაწილეობის სურვილის შესახებ, რომლის განხორციელება შესაძლოა შეაფერხოს მის წინააღმდეგ აღძრულმა საქმეებმა.
2021 წლის იანვარში სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური შეზღუდვების დარღვევის ბრალდებით სასამართლომ სობოლს წინასწარი ორთვიანი შინაპატიმრობა მიუსაჯა, რაც გულისხმობს არა მხოლოდ სახლიდან მის გაუსვლელობას, არამედ ტელეფონით თუ ინტერნეტით სარგებლობის აკრძალვასაც.[5] ეს სასჯელი მან მიიღო სხვა თანამებრძოლებთან ერთად ნავალნის დაკავების შემდეგ საპროტესტო აქციაზე გასვლის მოწოდების გამო. ამ საქმეზე დასჯილი ოპოზიციის ათივე წარმომადგენელი უფლებადამცველმა ორგანიზაცია "მემორიალმა" პოლიტიკურ პატიმრად სცნო.[6] 3 აგვისტოს ლუბოვ სობოლს კოვიდ-რეგულაციების დარღვევის ბრალდებით 18 თვის ვადით პირობითი პატიმრობა მიესაჯა. 8 აგვისტოს მან ქვეყანა დატოვა, ხოლო 21 ოქტომბერს შსს-მ ის ძებნილთა სიაში შეიყვანა.[7]
სობოლი და საქართველო
რედაქტირება2021 წლის ოქტომბერში სობოლმა ტელეარხ "დოჟდთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთიდან წასვლის შემდეგ მას საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს. მისი ვარაუდით, საქართველოს ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო რუსეთის მიმართ არგაღიზიანების სურვილით.[8]
ოჯახური მდგომარეობა
რედაქტირებასობოლი ორგზის განქორწინებულია, მეორე ქორწინებიდან ჰყავს ერთი ქალიშვილი.
ატარებს პირველი მეუღლის გვარს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Любовь Соболь 24smi.org
- ↑ Lyubov Sobol: The woman driving Russia's opposition protests bbc.com, 3 აგვისტო 2019 წ.
- ↑ Lyubov Sobol genevasummit.org
- ↑ Russian police raid home of opposition activist Lyubov Sobol, Navalny says reuters.com, 20 მარტი 2019 წ.
- ↑ Биография, Любовь Соболь uznayvse.ru
- ↑ Любовь Соболь задержана за призыв к участию в несанкционированных мероприятиях 5-tv.ru, 21 იანვარი 2021 წ.
- ↑ Navalny Associate Sobol Added To Russia's Wanted List rferl.org, 21 ოქტომბერი 2021 წ.
- ↑ რუსი ოპოზიციონერი ლიუბოვ სობოლი ამბობს, რომ აგვისტოში საქართველოში არ შემოუშვეს reginfo.ge, 30 ოქტომბერი 2021 წ.