ლოკარნოს ხელშეკრულებები
ლოკარნოს ხელშეკრულებები — შვიდი ხელშეკრულება, რომელიც გაიმართა შვეიცარიის ქალაქ ლოკარნოში 1925 წლის 5 ოქტომბრიდან 16 ოქტომბრამდე და ხელი მოეწერა 1 დეკემბერს ლონდონში. ისინი ძალაში შევიდა 1926 წლის 10 სექტემბერს, როდესაც გერმანია გახდა ერთა ლიგის წევრი.
ლოკარნოს ხელშეკრულებებმა ფაქტობრივად დაყო ევროპის საზღვრები ორ ნაწილად: დასავლეთის საზღვრები, რომლებიც ხელშეუხებელი იყო ხელშეკრულებით და აღმოსავლეთი (გერმანიისთვის), რომლისთვისაც გარანტიები არ იყო გაცემული. 1934 წელს „აღმოსავლეთის პაქტის“ დადების მცდელობა, რომელიც უზრუნველყოფდა აღმოსავლეთ საზღვრებს, ჩაიშალა.
ლოკარნოს კონფერენციას ესწრებოდნენ გერმანიის კანცლერი ჰანს ლუთერი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი გუსტავ შტრეზემანი, ასევე იტალიის წარმომადგენელი (ბენიტო მუსოლინი), დიდი ბრიტანეთის (ოსტინ ჩემბერლენი), ბელგიის (ემილ ვანდერველდე), საფრანგეთის (არისტიდ ბრაიანის), პოლონეთის (ალექსანდრე შკინსკი) და ჩეხოსლოვაკეთის (დოქტორი ედვარდ ბენეში) წარმომადგენლები.
ლოკარნოში მომზადებული მთავარი დოკუმენტი იყო რაინის პაქტი - საარბიტრაჟო შეთანხმება ვაიმარის რესპუბლიკას, საფრანგეთსა და ბელგიას შორის, რომელიც ითვალისწინებდა ქვეყნებს შორის წარმოშობილი დავების გადაწყვეტას მშვიდობიანი გზით - ერთა ლიგის ან საერთაშორისო სასამართლოების მეშვეობით. გარდა ამისა, გერმანიამ დადო საარბიტრაჟო ხელშეკრულებები პოლონეთთან და ჩეხოსლოვაკეთთან, რომლებშიც მან უარი თქვა ტერიტორიული დავების სამხედრო გზით გადაწყვეტაზე.
ხელშეკრულება მნიშვნელოვანი იყო გერმანიისთვის, უპირველეს ყოვლისა, საერთაშორისო იზოლაციის გასარღვევად, რევიზიონისტული პოლიტიკის გასაგრძელებლად და რაინის რეგიონის გასათავისუფლებლად. ამისათვის გუსტავ შტრეზემანი მზად იყო ოფიციალურად უარი ეთქვა პრეტენზიებზე ელზასზე და ლოთარინგიაზე, ევპენისა და მალმედის რაიონებზე, დათანხმებულიყო რაინის დემილიტარიზებული ზონის შენარჩუნებაზე და დაემორჩილა ერთა ლიგის გადაწყვეტილებებს ტერიტორიული დავების შესახებ.
გერმანიის მემარჯვენე ძალები ეწინააღმდეგებოდნენ ლოკარნოს ხელშეკრულებების დადებას გერმანიისთვის დათმობების გამო, უპირველეს ყოვლისა, დასავლეთის საზღვრების საკითხზე.
აღმოსავლეთ ევროპაში პოლიტიკური სიტუაციის მზარდი დაძაბულობის მიუხედავად, ლოკარნოს შეთანხმებამ საფუძველი ჩაუყარა დასავლეთ ევროპაში დიპლომატიური კლიმატის გაუმჯობესებას 1924-30 წლებში. საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახა „ლოკარნოს სულის“ გამოვლინება 1926 წელს გერმანიის ერთა ლიგის მუდმივი წევრის სტატუსის მოპოვებაში და 1930 წლის ივნისში რაინლანდის დემილიტარიზაციაში.
მშვიდობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის გუსტავ შტრეზემანს და მის ფრანგ კოლეგას არისტიდ ბრაიანს 1926 წელს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭათ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ЛОКА́РНСКИЕ ДОГОВО́РЫ 1925 დაარქივებული 2022-12-01 საიტზე Wayback Machine.
- პანევროპული მოძრაობა - საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა
- FINAL PROTOCOL OF THE LOCARNO CONFERENCE, 1925