ლიხნის წარწერები
ლიხნის წარწერები — ძველი ქართული წარწერები ლიხნის ტაძრის პატრონიკეს კედლებზე. აქ სხვადასხვა ადგილას არის ათზე მეტი წარწერა, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია სამი: წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ, ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა და გიორგი კურაპალატის წარწერა. ტაძრის კედლის შელესილობა პირველი და მესამე წარწერის (აგრეთვე მასზე შესრულებული სხვა ფრაგმენტული წარწერების) ტექსტით, საქართველოს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს საბჭოს გადაწყვეტილებით, 1986 წელს მოიხსნა კედლიდან და გადაიტანეს თბილისში, ძეგლთა დაცვის მთავარ სამმართველოს სარესტავრაციო-საწარმოო სახელოსნოში, სადაც გაიწმინდა, გამაგრდა და ჩაუტარდა საკონსერვაციო სამუშაოები. ინახება ძველი ქართული მხატვრობის კვლევის, ფიქსაციისა და რესტავრაციის ცენტრში. მეორე წარწერა თავის ადგილზეა – ლიხნის ტაძრის დასავლეთ კედელზე.
წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ
რედაქტირებაწარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ ერთსტრიქონიანია, შესრულებული თავისებური ხერხით: ასომთავრული ტექსტის ყოველი სიტყვის პირველი მოზრდილი ასოს მთელ სიგრძეზე ჩამოწერილია ამ სიტყვის დანარჩენი ასოები უფრო პატარა ზომისა, ხოლო მრგვალი მოხაზულობის ასოებში, მაგალითად, ან-ში, ორ ადგილას, პატარა ასოები დიდი ზომის ასოს მუცელშია ჩაწერილი. მთლიანად წარწერა შესრულებულია წითელი საღებავით, სინგურით. მისი ტექსტი ასეთია:
1848 წელს წარწერა პირველად შეისწავლა აკადემიკოსმა მ. ბროსემ. მიჩნეულია, რომ ლიხნის ტაძრის წარწერაში აღწერილია ჰალეის კომეტის დედამიწის ხილვადობის სფეროში გამოჩენის ერთ-ერთი შემთხვევა, რაც მოხდა XI საუკუნეში, 1066 წელს. წარწერის დასაბამითგანითი თარიღი და თარიღი ბაგრატ IV-ის მეფობის წლების მიხედვით შეესაბამება 1065 წელს, ხოლო ქორონიკონითი თარიღი – 1066 წელს. ვინაიდან ტექსტში აღნიშნულია, რომ კომეტა გამოჩნდა აპრილში, ბზობიდან აღდგომამდე (1066 წელს აღდგომა იყო 16 აპრილს, ბზობა იქნებოდა 9 აპრილს), ამიტომ წარწერის თარიღად 1066 წელი უნდა მივიჩნიოთ. მაშასადამე, საქართველოში კომეტა იხილვებოდა 1066 წლის 9-16 აპრილს.
ვაჩე პროტოსპათარისა და პეტრიკ პატრიკის წარწერა
რედაქტირებავაჩე პროტოსპათარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართა უხუცესის წარწერა შესრულებულია სინგურით 9 სტრიქონად, მდივანმწიგნობრული დამწერლობით. იგი მიწერილია ტაძრის მეორე სართულზე, ქორედის დასავლეთ სარკმლის მარჯვნივ, სარკმლიდან თაღამდე კედლის მონაკვეთზე. ტაძრის კედელიცა და წარწერაც XIX-XX საუკუნეებში რამდენჯერმე შეუთეთრებიათ კირით. ამის შედეგად წარწერა, რომელიც 1848 წელს შეისწავლა და მომდევნო წელს გამოსცა მ. ბროსემ, დაფარული იყო. 1983-1986 წლებში რესტავრატორ მ. ბუჩუკურის ხელმძღვანელობით კედელი გაიწმინდა და გამოჩნდა წარწერის ძალზე გაბაცებული ტექსტი. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება ამ წარწერის ასლი, გადმოღებული, როგორც ჩანს, XIX საუკუნეში. მართალია, იგი ზუსტი არ არის, რადგან გადმოღებულია მდივანწიგნობრული დამწერლობის არმცოდნის მიერ, მაგრამ დედნისა და ასლის შეჯერებით დადგინდა წარწერის შემდეგი ტექსტი:
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა X საუკუნისაა. მასში მოხსენიებული პეტრიკ პატრიკი და მისი ძმა იოვანე ჭყონდიდელი მეფე ბაგრატ IV-ის ხანის ცნობილი პოლიტიკური და საეკლესიო მოღვაწეები არიან. მათი დისწული ყოფილა ბიზანტიის საიმპერატორო კარის მაღალი ტიტულების – პროტოსპათარისა და იპატოსის მქონე ვაჩე, ჩვენთვის ამ წარწერამდე უცნობი. გიორგი ხუცესმონაზვნის „გიორგი მთაწმიდელის ცხორებიდან“ ცნობილია, რომ პეტრიკ პატრიკმა და მისმა ძმამ იოვანე ჭყონდიდელმა დიდი როლი შეასრულეს გიორგი მთაწმიდელის მიერ თარგმნილი წიგნების გამრავლებისა და გავრცელების, ასევე ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მისი კანონიზაციის საქმეში. ორივე რამდენჯერმე იხსენიება ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნში.
გიორგი კურაპალატის წარწერა
რედაქტირებაგიორგი კურაპალატის წარწერა შესრულებულია სინგურით, მდივანმწიგნობრული დამწერლობით, ორ გრძელ სტრიქონად იმ წარწერის ქვემოთ, რომელიც ეხება კომეტის გამოჩენას. მისი ტექსტი ნახსენებ ორ წარწერასთან შედარებით დაზიანებულია, თუმცა უმეტესი ნაწილი გარკვევით იკითხება:
პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით წარწერა XI საუკუნისაა. მასში მოხსენიებული გიორგი კურაპალატი არის მეფე გიორგი II, ძე ბაგრატ IV-ისა და მამა დავით IV აღმაშენებლისა. წარწერა შესრულებული უნდა იყოს ჯერ კიდევ გიორგი მეფის უფლისწულობაში კურაპალატის ტიტულის მიღებასთან დაკავშირებით. ამას მოწმობს წარწერის ადორაციული, განმადიდებელი ხასიათი და მასში გიორგის კურაპალატობის საგანგებოდ აღნიშვნა. გიორგის მამა მეფე ბაგრატ IV 1059 წელს ნოველისიმოსის ტიტულით იხსენიება, მანამდე იგი კურაპალატი იყო 1032 წლიდან. როგორც ჩანს, 1059 წელი, ან ცოტა უფრო ადრე, „გამოთავისუფლებული“ კურაპალატის ტიტული გიორგი უფლისწულს უნდა მიეღო და წარწერაც XI საუკუნის 60-იანი წლებით (მაგრამ არა უადრეს 1066-ისა), უნდა დათარიღდეს, რადგან კედელზე იგი ისეა მიწერილი, როგორც ამის საშუალებას იძლევა 1066 წლის წარწერა კომეტის გამოჩენის შესახებ. წარწერის ზედა თარიღი კი 1072 წლით უნდა განისაზღვროს, რადგან შიომღვიმის მონასტრისათვის გაცემულ სიგელში გიორგი II კურაპალატობით თავის ძეს, დავითს მოიხსენიებს. ამიტომ ლიხნის ტაძრის ამ წარწერის თარიღი შეიძლება 1066-72 წლებით განისაზღვროს.
სხვა წარწერები
რედაქტირებალიხნის ტაძარზე მოიპოვება ასევე XI საუკუნით დათარიღებული ათამდე წარწერის ფრაგმენტები; XIV საუკუნით თარიღდება 10-ზე მეტი წარწერა, რომლებიც ამ დროის ფრესკებს ახლავს და გამოსახულ პირებსა და სიუჟეტებს განმარტავს. ლიხნის ტაძრის წარწერები უმნიშვნელოვანესი წყაროა საქართველოს ისტორიისათვის.
ლიტერატურა
რედაქტირება- სილოგავა ვ., სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, თბ., 2006;
- Brosset M.-F., Rapports sur un voyage archeologigue dans la Georgie et dans L˒ Armenie, Livr. 1, St.-Pb. 1849.