ლიტველთა ეროვნული საბჭო კავკასიაში

ლიტველთა ეროვნული საბჭო კავკასიაში1917-1918 წლებში კავკასიაში მოქმედი ორგანიზაცია, რომლის ხელმძღვანელობის შტაბიც თბილისში მდებარეობდა. იმხანად კავკასიაში ათიათასამდე ლიტველი იმყოფებოდა. მათი ნაწილი აქ სამუშაოდ ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ჩამოვიდა, მეორე ნაწილი იყო გადმოსახლებული ანდა ლტოლვილი, ხოლო მესამე და უმრავლესი ნაწილი კავკასიის ფრონტზე მყოფი სამხედრო პირები. ამ უკანასკნელთა შორის გამოირჩეოდა ლიტვის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ვეტერანი პეტრას ვილეიშისი (პროფესიით ინჟინერი), რომელიც კავკასიელ ლიტველთა ლიდერად ჩამოყალიბდა.

1917 წლის აპრილში თბილისში მცხოვრებმა ლიტველებმა ჩამოაყალიბეს ეროვნული საბჭო, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ვაჟთა IV გიმნაზიის მათემატიკის პედაგოგი პრანას დაილიდე. საბჭოსთან შეიქმნა ლიტვური ენის შემსწავლელი წრე მათთვის, ვინც მშობლიურ ენაზე წერა-კითხვა არ იცოდა ანდა უკვე დავიწყებული ჰქონდა. ასეთი საბჭოები დაარსდა კავკასიის სხვა ქალაქებშიც. კავკასიის ფრონტის ხაზის რღვევის გამო, ლიტველმა სამხედრო პირებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ ლიტველთა საბჭო აქტიურად საქმიანობდა,თბილისში მოიყარეს. ამის გამო, კავკასიაში იმხანად მცხოვრებ ბალტიელთა შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლონია ლიტველებმა ჩამოაყალიბეს. იმავე წლის 27-30 დეკემბერს თბილისში ჩატარდა კავკასიის ლიტველთა ყრილობა. მისი დელეგატები წარმოადგენდნენ ლიტვურ დიასპორებს, რომლებიც არსებობდა: ბათუმში, ყარსში, ტრაპიზონსა და სხვა ქალაქებში. აირჩიეს საბჭოს პრეზიდიუმი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა პეტრას ვილეიშისი. მის მოადგილეებად აირჩიეს პრანას პაილიდე, რომელიც დარჩა თბილისის ლიტველთა ეროვნული საბჭოს თავმჯდომარედ და პეტრას გუდელისი, მდივნებად - ბ. შიპავიჩუსი და ს. იაზდაუსკასი. მათი მიზანი იყო სათანადო გაერთიანების ჩამოყალიბება, რომელიც დაიცავდა მათ და დაამყარებდა კავშირს ლიტვასთან, რათა კავკასიაში მყოფი ლიტველები სამშობლოში დაბრუნებულიყვნენ და მონაწილეობა მიეღოთ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობაში.

იმავე მიზნით, მათ ადგილობრივ ლიტველთა რეგისტრაცია დაიწყეს. ყრილობამ მისასალმებელი ტელეგრამები გაუგზავნა ლიტვის სახელმწიფო საბჭოს და რუსეთში მცხოვრებ ლიტველთა საბჭოს. წერილებში გამოთქმული იყო რწმენა, რომ ეს საბჭოები ჩაატარებდნენ დამფუძნებელ კრებას და ხელს შეუწყობდნენ ლიტვის დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. პ. ვილეიშისმა და პ. დაილიდემ დააყენეს ლიტვის სრული დამოუკიდებლობის საკითხი, რამაც დისკუსია გამოიწვია. დელეგატთა ნაწილის აზრით, უმჯობესი იქნებოდა ავტონომია დემოკრატიული რუსეთის ფარგლებში. ხმათა უმრავლესობით მიღებულ რეზოლუციაში აღინიშნა, რომ ლიტვის მომავალი უნდა უზრუნველეყო დამფუძნებელ კრებას. კავკასიის ლიტველთა ეროვნული საბჭოს საქმიანობა წარიმართებოდა შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

  1. ლიტველთა რეგისტრაცია;
  2. მათი პრობლემების გაცნობა ხელისუფლების ორგანოებსა და თბილისში აკრედიტებულ უცხო სახელმწიფოთა წარმომადგენლობებში;
  3. ლიტვაში დაბრუნების ორგანიზება.

ამ ფუნქციათა შესრულებით ეს საბჭო ფაქტობრივად წარმოადგენდა ლიტვის არაოფიციალურ საკონსულოს თბილისში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ აუცილებელი გახდა ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ უცხოელ მოქალაქეთა და მათ შორის ლიტველთა იურიდიული სტატუსის განსაზღვრა.გადაწყდა, რომ ლიტველებისათვის მიეცათ პასპორტის შემცვლელი მოწმობა. ვინაიდან თბილისში უკვე არსებობდა პოლონეთის და უკრაინის წარმომადგენლობანი, კავკასიაში ჩარჩენილ ლიტველთა მდგომარეობა საჭიროებდა, წარმომადგენლობა ლიტვასაც ჰქონოდა. 1918 წლის 2 ივნისს კავკასიის ლიტველთა ეროვნულმა საბჭომ შესაბამისი თხოვნით მიმართა ლიტვის სახელმწიფო საბჭოს. 23 ივლისს სამშობლოში ჩასულმა კავკასიელ ლიტველთა დელეგაციამ პ. დაილიდეს მეთაურობით ლიტვის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ანტანას სმეტონას გადასცა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წერილი,რომელშიც, მილოცვასთან ერთად, გამოთქმული იყო სურვილი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ამ ვიზიტს შედეგად მოჰყვა ლიტვის სახელმწიფოს წარმომადგენლობის გახსნა საქართველოში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 244-245.