ლიკანის პარკი
ლიკანის პარკი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ბორჯომში. პარკი გაშენებულია XIX საუკუნეში (1892-1895 წწ.). კომპლექსში განთავსებულია ნიკოლოზ რომანოვის სასახლე, ყოფილი სამთავრობო რეზიდენცია და ორანჟერეა.
პარკი მდებარეობს ბორჯომის უბან ლიკანში, მოიცავს საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, გაშლილია რთულ რელიეფზე; პარკში დარგულია სხვადასხვა ჯიშის ხეები, რომელთა შორის დაკვალულია მოასფალტებული ფართო გზები. პარკის ტერიტორიაზე განლაგებულია სხვადასხვა პერიოდში აშენებული განსხვავებული ფუნქციის მქონე შენობები: წმინდა გიორგის სახელზე ნაკურთხი მცირე ზომის ეკლესია, სანატორიუმები, საზოგადოებრივი კვების ობიექტები.
პარკის ტერიტორიაზე საკმაოდ საინტერესოა 1895 წელს აშენებული მცირე სასახლე, რომელსაც დღესდღეობით სანატორიუმის ფუნქცია ენიჭება, ასევე რომანოვების საკმაოდ დიდი სასახლე კოშკით. პარკის ტერიტორიაზე განთავსებულია წრიული თუ რთული კონფიგურაციის მოზაიკით მოპირკეთებული აუზები; ასევე ლითონის კონსტრუქციაზე მოწყობილი ხიდი, რომელიც მდინარე მტკვარზეა გადებული და პარკის ტერიტორიას მდინარის მეორე ნაპირას განთავსებულ რკინიგზის ხაზთან აკავშირებს; აქედანვეა შესაძლებელი პეტრეს ციხეზე ასვლაც.
ლიკანში ისტორიული პარკის არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება მიმდინარეობს „საპარტნიორო ფონდისა“ და მისი შვილობილი კომპანია „ლიკანი რეზიდენსის“ დაფინანსებითა და ორგანიზებით[1].
ლიკანის პარკს 2017 წლის, საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].