ლითონთა თერმული დამუშავება
ლითონთა თერმული დამუშავება — ერთ-ერთი იმ პროცესთაგანია, რომელიც ლითონური მასალის წარმოებსა და დამუშავებასთან დაკავშირებულ მრეწველობის მრავალ დარგში გამოიყენება.
თერმული დამუშავების პროცესები ალოტროპიული, სტრუქტურული და კარბიდული გარდაქმნებით მიმდინარეობს. გარდაქმნა შეიძლება მოხდეს როგორც ნაკეთის მთელ მოცულობაში, ისე მხოლოდ მის ზედაპირულ შრეში. ორივე შემთხვევაში იცვლება ლითონის მექანიკური და ფიზიკური თვისებები. თერმული დამუშავებით შესაძლოა ლითონის თვისებების ცვლა ფართო ზღვრებში, ზოგჯერ კი სრულიად ახალი თვისებების მინიჭებაც.
თერმულად დამუშავებული ლითონის გაუმჯობესებული მექანიკური თვისებები საშუალებას იძლევა შესამჩნევად შემცირდეს მანქანებისა და მექანიზმების ზომა და წონა, გაიზარდოს მათზე დასაშვები დატვირთვები, ამაღლდეს მანქანათა ნაწილებისა და იარაღების ხარისხი და ხანგამძლეობა. თერმულად მუშავდება არა მარტო მზა ნაკეთები, არამედ ნახევარფაბრიკატებიც. დასახული მიზნის მიხედვით დამუშავება სხვადასხვა ეტაპზე ხორციელდება. მანქანათა ნაწილების უმრავლესობა და იარაღები თერმულად მუშავდება მათი წარმოების ბოლო სტადიაში.
წაყენებული მოთხოვნების მიხედვით გამოყოფენ ლითონური ნაკეთობების სამ ჯგუფს და ზოგადად ასახელებენ მათ დასამზადებლად გამოყენებულ მასალას. ეს ჯგუფებია: 1) მანქანებისა და კონსტრუქციების ნაწილები განსაზღვრული მექანიკური თვისებებით, რომლებიც ძირითადად საკონსტრუქციო ფოლადისაგან მზადდება. 2) ) მანქანებისა და კონსტრუქციების ნაწილები განსაკუთრებული ფიზიკური (ხენჯმედეგობა, მხურვალსიმტკიცე, მაგნიტურობა, ელექტროგამტარობა, ელექტროწინაღობა და სხვა) და ხშირად მექანიკური თვისებებიც. ასეთი დეტალები საკონსტრუქციო ფოლადისგან მზადდება და განსაკუთრებული თვისებების მინიჭება კი ლეგირებით ხდება. 3) იარაღები, რომელთა დანიშნულებაა დეტალისთვის სასურველი ფორმის მიცემა ან მათი ზომის განსაზღვრა; იმის მიხედვით, თუ რა გზით ეძლევა დეტალს სასურველი ფორმა - ბურბუშელის მოხსნით თუ პლასტიკური დეფორმაციით - არჩევენ საჭრელ იარაღს (საჭრისი, ბურღი, ფრეზი,..) და იარღის წნევით დამუშავებისთვის (ტვიფარი, ადიდვის თვალაკი, გლინი,..), რომელსაც მოეთხოვება მაღალი სისალე, სიმტკიცე, ცვეთამედეგობა თერმული დარტყმებისათვის, ხენჯმედეგობა და მცირე ადჰეზია, ზოგჯერ კი წითელმედეგობაც. საზომი იარაღებისათვის აუცილებელია ცვეთამედეგობა და ზომების უცვლელობა ექსპლუატაციის პირობებში. ასეთი ნაკეთები საიარაღო ნახშირბადიანი და ლეგირებული ფოლადისაგან მზადდება. მასალის შერჩევის შემდეგ უნდა დამუშავდეს თერმული დამუშავების ტექნოლოგია, რომლის რაციონალობის ხარისხი წარმოების ტიპით განისაზღვრება. თერმული დამუშავების ტიპებია: ჭედვა, წრთობა, მაღალი სიხშირის დენით მოცულობითი წრთობა, მოშვება, აზოტირება, იზოთერმული და ნათელი წრთობა, მაღალი სიხშირის დენით და სიცივით დამუშავება, მყარი და აირადი ცემენტაცია, დაციანება, დაბალ და მაღალტემპერატურიანი თერმომექანიკური დამუშავება და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯაყელი ს. ლითონთა თერმული დამუშავების ტექნოლოგია და მოწყობილობა, თბილისი, 1981