ლიზინგი (ინგლ. to lease — „იჯარით, ქირით გაცემა“) — ქირავნობის მსგავსი ურთიერთობა, რომელიც უმეტესად ქონების გამოსყიდვით სრულდება.

ლიზინგის დროს სალიზინგო კომპანია შეისყიდის საწარმოო აქტივს (დანადგარს, მოწყობილობას, სამშენებლო ტექნიკას, ავტომობილს და უძრავ ნივთსაც კი), რომელსაც ყოველთვიური საზღაურის გადახდის სანაცვლოდ გადასცემს ლიზინგის მიმღებს მფლობელობაში სარგებლობის უფლებით. ლიზინგის ვადის ბოლოს კი, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, აქტივი შეიძლება გადავიდეს ლიზინგის მიმღების საკუთრებაში. ლიზინგის ხელშეკრულება იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების მსგავსია. თანამედროვე ლიზინგის წარმოშობა უკავშირდება სატელეფონო კომპანია „ბელს“ (აშშ), რომლის ადმინისტრაციამ 1877 წელს გადაწყვიტა გაყიდვის ნაცვლად ტელეფონების იჯარით გაცემა. სალიზინგო ოპერაციების შესრულება და სალიზინგო კომპანიების დაფუძნება მსოფლიოში XX საუკუნის II ნახევრიდან დაიწყო. პირველი მსხვილი სალიზინგო ოპერაციები განხორციელდა 1941-1945 წლებში, როდესაც აშშ-ის მთავრობამ II მსოფლიო ომში „ლენდ ლიზის კანონის“ (Lend-Lease Act) საფუძველზე, საომარი აღჭურვილობა გრძელვადიანი იჯარით გადასცა თავის მოკავშირე ქვეყნებს, მეტწილად — საბჭოთა კავშირს.

სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აქტია 2008 წწლის 13 ნოემბრის, კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის (UNIDROIT) მოდელური კანონი ლიზინგის შესახებ.

საქართველოში სალიზინგო ურთიერთობები რეგულირდებოდა 2002 წლის 7 მაისის საქართველოს კანონით „სალიზინგო საქმიანობის ხელშეწყობის შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულად გამოცხადდა 2011 წლის 13 ოქტომბერს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შედეგად. ლიზინგის ხელშეკრულების შინაარსი, სალიზინგო ურთიერთობის მხარეთა (ლიზინგის გამცემი და მიმღები) უფლებები, მოვალეობები და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები დღეისათვის განსაზღვრულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე და 5806-ე მუხლებით. სალიზინგო ურთიერთობის მარეგულირებელ დებულებებს ასევე შეიცავს საქართველოს საგადასახადო კოდექსი.

2001 წელს დაარსდა სს „საქართველოს ბანკის“ შვილობილი საწარმო – შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, რომელმაც პირველმა შესთავაზა კლიენტებს სალიზინგო მომსახურება. დღეისათვის სალიზინგო ბაზარს ინაწილებს შემდეგი საწარმოები: სს „თიბისი ლიზინგი“, შპს „ალიანს ჯგუფი საქართველო“, შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანია“, შპს „მოგო“, სს „ბბ ლიზინგი“.

აშშ-მა ლიზინგით შეიარაღების მიწოდების ფორმა კიდევ ერთხელ გამოიყენა 2022 წელს უკრაინის დასახმარებლად რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება