ნიკოლოზ ლეჟავა

(გადამისამართდა გვერდიდან ლეჟავა, ნიკოლოზ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟავა.

ნიკოლოზ რომანის ძე ლეჟავა (დ. 13 თებერვალი, 1883, თბილისი — გ. 5 იანვარი, 1927, იქვე) — ქართველი ინჟინერ-მშენებელი.

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა თბილისის სარკინიგზო ტექნიკური სასწავლებელი და 1903 წელს დაინიშნა შორაპანში ამიერკავკასიის რკინიგზის მეოთხე სალიანდაგო უბანზე უფროს მუშად. ორი წლის შემდეგ გადავიდა ჭიათურაში გზის ოსტატად, შემდეგ აქვე დააწინაურეს ტექნიკოსად. 1908 წელს სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ იღებს გზათა ტექნიკოსის წოდებას. ამავე დროს სამუშაოთა მწარმოებელია ჭიათურა-დარკვეთ-საჩხერის ხაზის მშენებლობაზე. 1911 წელს გადაჰყავთ ბაქოში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ასრულებს უბნის უფროსის თანაშემწის მოვალეობას.

კახეთის რკინიგზის მშენებლობის დაწყებისთანავე ნიკოლოზ ლეჟავა დაინიშნა თბილისი-ვაზიან-იორის დისტანციის უფროსად, ხოლო გზის მშენებლობის დამთავრების შემდეგ პირველი სალიანდაგო უბნის უფროსად. ნიკოლოზ ლეჟავას მონაწილეობით დაარსდა 1917 წელს თბილისში ქართული ტექნიკური საზოგადოება.

1919 წელს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 60 სტუდენტი გაიგზავნა უცხოეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. აქცენტი აიღეს პრაქტიკული გამოცდილების ახალგაზრდებზე, სადაც ნიკოლოზ ლეჟავამ პირველი ადგილი მოიპოვა სტიპენდიატთა შორის. 1924 წელს წარჩინებით დაამთავრა შარლოტენბურგის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მშენებლის წოდებით. სამშობლოში დაბრუნებისთანავე დაინიშნა ზაჰესის მშენებლობაზე უბნის უფროსად. შეთავსებით მუშაობდა თბილისი-კოჯრის რკინიგზის გეგმის შედგენაზე. 1926 წელს გადაჰყავთ ქლაქის აღმასკომში ტექნიკური ნაწილის გამგედ, შემდეგ დაევალა ამიერკავკასიის რკინიგზის ხაზის ხელმძღვანელობა. ამასთანავე ის კითხულობდა ლექციებს თბილისის უნივერსიტეტის პოლიტექნიკურ ფაკულტეტზე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 235, თბ., 1994