ლეო შტრაუსი (დ. 20 სექტემბერი, 1899 – გ. 18 ოქტომბერი, 1973) — ებრაული წარმოშობის ამერიკელი პოლიტიკური ფილოსოფოსი. შტრაუსი დაიბადა გერმანიაში, ქალაქ კირჰაინში. მოგვიანებით, 1937 წელს, იგი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობის მნიშვნელოვანი ნაწილი შტრაუსმა ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაჰყო, სადაც იგი სტუდენტთა არაერთ თაობას ასწავლიდა, აქვე მან რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაშრომი გამოსცა.

ლეო შტრაუსი

ლეო შტრაუსი განისწავლა მარბურგის უნივერსიტეტში ნეოკანტიანელ ფილოსოფოს ერნსტ კასირერთან. მოგვიანებით, მან სწავლა განაგრძო ფრაიბურგის უნივერსიტეტში, აქ მისი პედაგოგები ედმუნდ ჰუსერლი და მარტინ ჰაიდეგერი იყვნენ. შტრაუსის კვლევის ძირითადი სფერო კლასიკური პოლიტიკური ფილოსოფია, კერძოდ კი, პლატონისა და არისტოტელეს პოლიტიკური აზროვნება იყო. თავის ნაშრომებში იგი ძველ ბერძნულ აზროვნებას შუა საუკუნეების ებრაულ და ისლამურ პოლიტიკურ აზროვნებასთან აკავშირებდა და მიიჩნევდა, რომ თანამედროვე პოლიტიკური აზროვნების აქტუალური პრობლემების გადაწყვეტის გზები წარსული ეპოქების დიად იდეებში იყო საძიებელი.

ფილოსოფია

რედაქტირება

ლეო შტრაუსთან ფილოსოფია და პოლიტიკა ერთმანეთთნ გადაჯაჭვული ცნებებია. იგი მიიჩნევდა, რომ პოლიტიკური ფილოსოფია სოკრატეს სიკვდილით დასჯის კვალდაკვალ წარმოიქმნა: სოკრატემ თავისი სიკვდილით ფილოსოფია გარდაუვალი განადგურებისაგან იხსნა, იმავდროულად კი, ფილოსოფიის ახალ განშტოებას - პოლიტიკურ ფილოსოფიას - დაუდო სათავე. ეს უკანასკნელი, საუკეთესო პოლიტიკური მმართველობის მოძიებას ან ფორმირებას ესწრაფვის, იმგვარი მმართველობისა, რომელიც ფილოსოფიის მიერ უზრუნველყოფილი მორალითა და ღირებულებებით იქნება ნასაზრდოები.

შტრაუსი ანტიკურ, შუა საუკუნეებისა და ახალი დროის პოლიტიკურ აზროვნებას შორის არსებული უწყვეტი კავშირის წარმოჩენას ცდილობდა, ამდენად, მის ნაშრომებში მკითხველი ხშირად შეხვდება აღნიშნული ეპოქების თვალსაჩინო მოაზროვნეების - პლატონის, არისტოტელეს, მაიმონიდეს, ალ-ფარაბის, მაკიაველის, ჰობსის, სპინოზასა და ნიცშეს - პოლიტიკურ მოძღვრებათა ვრცელ რეცეფციას. იგი მიიჩნევდა, რომ თანამედროვე პოლიტიკა შესაბამისი ფილოსოფიური და ეთიკური საფუძვლებით არ იყო გამყარებული, რის გამოც თავი იჩინა პოლიტიკისაგან ადამიანების გაუცხოების ტენდენციამ, ამგვარ ვითარებას შტრაუსი „თანამედროვების კრიზისს“ უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ მისი დაძლევის საუკეთესო გზა კლასიკურ ტრადიციებთან დაბრუნებაა.

ლეო შტრაუსმა პირველმა გამოიყენა ტერმინი ლათ. Reductio ad Hitlerum (ჰიტლერამდე დაყვანა).[1]

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შტრაუსი, ლ., „იერუსალიმი და ათენი.“ მთარგმ.: გიორგი ხუროშვილი; რედ.: თ. ირემაძე, მ. გოგატიშვილი, გ. თავაძე. საუნჯე, თბილისი 2013.
  • შტრაუსი, ლ., „რა არის პოლიტიკური ფილოსოფია?“ მთარგმ.: გიორგი ხუროშვილი; რედ.: გ. ბარამიძე, მ. გოგატიშვილი, თ. ირემაძე. საუნჯე, თბილისი 2011.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Leo Strauss, Natural Right and History. Chicago: University of Chicago Press, 1965 [1953], p. 42.