ლეონიდე (ლეო) ალექსის ძე შერვაშიძე (დ. 16 ნოემბერი, 1910, პარიზი, — გ. 23 ივლისი, 2003, თბილისი) — ხელოვნების ისტორიკოსი, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, აფხაზეთისა (1961) და საქართველოს (1983) ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

დაიბადა იმხანად პარიზში მცხოვრები აფხაზი თავადის ოჯახში 1910 წელს. დაამთავრა თბილისის რკინიგზის სატრანსპორტო ინსტიტუტი (1945). 1948-1951 წლებში იყო ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის (ახლანდ. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი) ასპირანტი, 1951 წლიდან — თანამშრომელი. 1957-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აფხაზეთის ენის, ლიტერატურის და ისტორიის ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ანთროპოლოგიისა და ხელოვნების განყოფილების გამგედ. საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი 1963 წლიდან.

შერვაშიძის სამეცნიერო კვლევის სფერო იყო ანტიკური და შუა საუკუნეების სახვითი ხელოვნება — ხელნაწერთა შემკულობა, მონუმენტური მხატვრობის ძეგლები, ქართული და აფხაზური ხელოვნება. მრავალი წელი მიუძღვნა ძველი ქალაქების — დიოსკურიისა და სებასტოპოლისის ნაშთების შესწავლას, მ. შ., არქეოლოგიურ კვლევა-ძიებას შავ ზღვაში. მუშაობდა აფხაზი და ქართველი წარჩინებულ გვარების გერბების მოძიება-აღდგენის საკითხებზე, შარვაშიძეთა გენეალოგიაზე. თავადაც ხატავდა, გამოფენებში მონაწილეობდა 1932 წლიდან. იყო არაერთი წიგნის ილუსტრატორი. შერვაშიძის ნამუშევრები დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმში, სოხუმის დ. გულიას სახელობის მუზეუმში. გარდაიცვალა 2003 წელს. ანდერძის თანახმად დაკრძალულია სოხუმში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • შერვაშიძე, ლეონიდე (ლეო). გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი