ლევან ცაბაძე
ლევან ცაბაძე (ლეონსიო) (დ. 8 იანვარი, 1973) — ქართველი მორაგბე. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი. ბურჯი (3).
ლევან ცაბაძე | |
---|---|
პირადი მონაცემები | |
დაბადების თარიღი | 8 იანვარი, 1973[1] (51 წლის) |
დაბადების ადგილი | ასპინძა, საქართველოს სსრ, სსრკ |
მეტსახელი | ლეონსიო |
ინფორმაცია კლუბის შესახებ | |
პოზიცია | ბურჯი |
ეროვნული ნაკრები | |
ნაკრები | საქართველო |
ნომერი | 3 |
თამაში | 33 |
ქულა | 50 |
დაიბადა 1973 წლის 8 იანვარს, დაბა ასპინძაში. დაამთავრა რუსთავის მე-18 საშუალო სკოლა. 1990 წელს ჩააბარა ფიზიკური კულტურისა და სპორტის აკადემიაში. 1994 წელს ჩაირიცხა მოსკოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე.
თამაშობდა რუსთავის აზოტში და თბილისის გუმარში, ორივე გუნდის შემადგენლობაში მან საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. 1996-2004 წლებში თამაშობდა საფრანგეთის უმაღლესი ლიგის კლუბებში — ნარბონა, კასტრი და კლერმონფერანი.
1992 წლიდან იყო საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი. 2002 წლიდან კაპიტანი. 1994-2002 წლებში საქართველოს ნაკრებში ჩაატარა 31 მატჩი, მათ შორის 12 კაპიტნის სამკლავურით, გაიტანა 9 ლელო.
2001 წელს გახდა ევროპის ერთა თასის მფლობელი (გუნდის კაპიტანი). გადამწყვეტ მატჩში რუმინეთთან ხერხემლის ტრავმა მიიღო, მაგრამ მოედანზე დაბრუნდა და ლელოც დადო. გადამწყვეტი ლელო გაიტანა 2002 წლის 13 ოქტომბერს რუსეთთან მატჩშიც (17:13), როდესაც საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ ჩაერთო საზოგადოერივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. 2011 წელს დაინიშნა თავდაცვის სამინისტროში სპორტის ინსტრუქტორად. 2013 წელს ასრულებდა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობას, 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაინიშნა ამავე რაიონის გამგებლად.
ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.