ლახტი — საბრძოლო საცემი იარაღი. არსებობდა მისი რამდენიმე ნაირსახეობა. ზოგან ლახტი მხედართმთავრის ძალაუფლების სიმბოლო იყო.[2] „ლახტის“ შესახებ სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში ვკითხულობთ:

ჭვირული ლახტები. დას. საქართველო, XVII ს. სვანეთის მუზეუმი (საქართველოს ეროვნული მუზეუმი).[1]
ვიკიციტატა
„ლახტი — უმკვეთლო საცემი საომარი“, „გურზი — ლახტივით დიდი, უფრთო“
([3])

შესაბამისად, საბას განმარტების მიხედვით „ლახტი“ ქართულად „გურზის“ (სპ. „გორზ“ — მრგვალთავიანი საბრძოლო საცემი იარაღის), მსგავსი, ოღონდ ფრთებიანი იარაღია.

ლახტის ფორმა (კვერთხის თავი მკვეთრად გამოკვეთილი ფრთებით), როგორც ჩანს, ჩამოყალიბდა არაუადრეს XII–XIII საუკუნეების მიჯნისა. ამ პერიოდით თარიღდება ლახტის თავების უძველესი ნიმუშები (რკინისა და ბრინჯაოს) აღმოსავლეთ ევროპისა და მახლობელი აღმოსავლეთის ტერიტორიიდან. საქართველოში იარაღის ეს სახეობა კარგად უნდა ყოფილიყო ცნობილი, რასაც, მუზეუმებში დაცული ექსპონატების სიუხვე, წერილობითი წყაროები და სხვადასხვა გამოსახულებები ადასტურებს. ქართულ წერილობით წყაროებში „ლახტის“ ხსენება უკვე XII საუკუნიდან გვხდება. „ამირანდარეჯანიანში“ ვკითხულობთ „წინასვე თქვეს მშვილდისა არა აღება, ყოველსავე შუბითა, ხრმლითა და ლახტითა იბრძოდეს“. „ვეფხისტყაოსნის“ მიხედვით ფატმანთან მყოფი ავთანდილი „ადგა და ლახტი აიღო…“.

XVII ს-ში დასავლეთ საქართველოში გავრცელებული იყო ლახტი ფრთებზე ხმლისებური ჭვირებით. მსგავსი ლახტები ოსმალურ, სპარსულ და ევროპულ მასალებში არ გვხდება. სავარაუდოდ, დაახ. XVII საუკუნის პირველ ნახევარში ან შუა ხანებში, დასავლეთ საქართველოში მოქმედებდა სახელოსნო, სადაც აღნიშნული ხმლისებურ-ჭვირიანი ლახტები მზადდებოდა.[4]

ქართული მითებში ლახტით, ღვთისშვილები ანადგურებენ დევებს, რისთვისაც ისინი „ლახტიანებად“ იხსენიებიან საკულტო ტექსტებში. კოპალას მიმართავენ შემდეგნაირად: „გმირო კოპალა, ლაღო, ლახტიანო“.[5]

  1. ჩართოლანი შ., მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის, ტ. I. (სვანეთის კომპლექსური ექსპედიციის 1972–1974 წლების არქეოლოგიური მუშაობის შედეგები), თბ., 1976.
  2. მეძმარიაშვილი ელგუჯა, შუბლაძე თენგიზ, აბაშიძე ზურაბ და სხვ., ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი / რედ. ელგუჯა მეძმარიაშვილი, მთარგმ. ბაიაძე შ., ლეფონავა გ., მანჯგალაძე ა., ღუდუშაური ა., 2017. — გვ. 224.
  3. ორბელიანი ს.-ს.,  ლექსიკონი ქართული / ავტოგრაფიული ნუსხების მიხედვით მოამზადა, გამოკვლევა და განმარტებათა ლექსიკის საძიებელი დაურთო ილია აბულაძემ, ტ. I, თბ., 1991.
  4. ბაქრაძე ირაკლი, საბრძოლო ლახტები ხმლისებურ-ჭვირული დეკორით // საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბე. საზოგადოებრივ მეცნიერებათა სერია / რედ. ზურაბ თავართქილაძე, თბ., 2014, № 5(50-B), გვ. 239–258.
  5. ტონია ნანა, კიკნაძე ზურაბ, მითოლოგიური ენციკლოპედია : ყმაწვილთათვის, წგნ. 3, ა-ჰ: ქართული მითოლოგია, თბ.: ბონდო მაცაბერიძის გამომცემლობა, 2004.