ლაკათხევის კოშკი
ლაკათხევის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ლაკათხევში, მდინარე ლაკათხევის მარცხენა ნაპირას, წყაროაშვილების ეზოში.
კოშკი ისტორიული ხადის სათავდაცვო სისტემის მნიშვნელოვანი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. კოშკი ზურგიანია, ხუთსართულიანი, ნაგებია ნატეხი ქვით. კოშკის ქვედა ნაწილი მასიურია. შესასვლელი პირველ სართულზეა, გვერდის კედელში, მიწიდან 4,5 მეტრზე. კარი სწორკუთხაა. დასავლეთით, მეორე სართულის სწორ კედელში გაჭრილია ასეთივე კარი, რომელიც კოშკზე ამ მხრიდან მოგვიანებით მიშენებული საცხოვრებელი ნაგებობის ბანზე გადიოდა. კოშკის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები ერთნაირია. სამივე სართულზე, დასავლეთით, თითო ვიწრო სარკმელია, რომლებსაც საფეხურებიანი რაფა აქვს. სართულშუა გადახურვა ქვის ფილებისაა და დაყრდობილია ყოველი მომდევნო სართულის კედლების შეთხელებით შექმნილ საფეხურზე. სართულიდან სართულზე მოსახვედრად გადახურვაში მცირე ღიობებია მოწყობილი.
მინაშენი გეგმით ტრაპეციის მსგავსი ორსართულიანი ნაგებობაა. განეკუთვნება XVIII საუკუნეს. პირველ სართულზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში, გაჭრილია ვიწრო სწორკუთხა კარი. ჩრდილო-დასავლეთ კედელში ორი ვიწრო სწორკუთხა სარკმელია, სამხრეთ-დასავლეთ კედელში — ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიში და ერთი სათოფური. მინაშენის მეორე სართული პირველის მსგავსია. შესასვლელი სამხრეთ-დასავლეთ კედელში აქვს. შესასვლელის ძირთან შემორჩენილია ხის კიბის საყრდენი ქვის კონსოლი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ბაგრატიონი გ., მაცაბერიძე ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 268.