ანა კუცია-ჩოჩია

(გადამისამართდა გვერდიდან კუცია-ჩოჩია, ანა)

ანა (ანიკო) ნესტორის ასული კუცია-ჩოჩია (დ. 1898, აბაშა, — გ. 1964, იქვე) — ქართველი ექიმი-პედიატრი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამსახურებული ექიმი (1940). ცნობილი მკვლევარ-ბიბლიოგრაფის და პედაგოგის თამარ კუცია-ღვალაძის (1902-1986) უფროსი და, ცნობილი ქირურგის ალექსანდრე ჩოჩიას (1935-2005) დედა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ცნობილი მრეწველის, კომერსანტის და საზოგადო მოღვაწის ნესტორ კუციას (1871-1912) და ელისაბედ გაბილაიას (1879-1923. 1913-1923 წლებში იღუმენია) ოჯახში. დაამთავრა ფოთის ქალთა გიმნაზია (1919) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) სამედიცინო ფაკულტეტი (1929). იყო გამოჩენილი პედიატრის, პროფესორ სიმონ გოგიტიძის ერთ-ერთი უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი. 1921-1926 იყო ს. გოგიტიძის ასისტენტი ქ. თბილისის პირველ კლინიკურ (ე.წ. არამიანცის) საავადმყოფოში, ხოლო 1926-1930 ამავე საავადმყოფოს ექიმი-პედიატრი. 1930-1964 იყო აბაშის მუნიციპალიტეტის ჯერ ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების გამგე, შემდეგ კი აბაშის რაიონული საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგე. ა. კუცია-ჩოჩია არჩეული იყო საქართველოს პედიატრთა საზოგადოების წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის საქმიანობაში. ითვლებოდა საქართველოს ერთ-ერთ საუკეთესო პედიატრად. მის მიერ აღზრდილია ექიმ-პედიატრთა არა ერთი თაობა.