კურსების წმინდა გიორგის ეკლესია
კურსების წმინდა გიორგის ეკლესია —არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კურსებში.
აღწერა
რედაქტირებაკურსების ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მდებარეობს ქვედა კურსების სასაფლაოს ტერიტორიაზე. იგი წარმოადგენს მოზრდილი ზომის დარბაზულ ეკლესიას, ხუთწახნაგა შვერილი აფსიდით. დასავლეთიდან ორ სვეტზე დაყრდნობილი სამსართულიანი სამრეკლო-კარიბჭით, რომელიც 8 სვეტზე დაყრდნობილი რვაწახნაგა ფანჩატურით ბოლოვდება. ეკლესია ნაგებია მოყვითალო ფერის კარგად გათლილი ეკლარის ქვით. ეკლესია დგას ორსაფეხურიან დაბალ ცოკოლზე. ინტერიერი ნათდება სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში დატანებული ორ-ორი სწორკუთხა ღიობითა და ასევე აღმოსავლეთ შვერილ აფსიდაზე არსებული შედარებით მოზრდილი ზომის სამი თაღოვანი ღიობით. სამხრეთის და ჩრდილოეთის სარკმლები სწორკუთხა მოჩარჩოებაშია ჩასმული, რომელსაც ტალღური რელიეფური ორნამენტი შემოუყვება, ხოლო თავზე სამკუთხა ფრონტონი ადგას. რაც შეეხება აღმოსავლეთ ფასადის სარკმლებს მათ ხუთზოლად შემოვლებული რელიეფური მოჩარჩოება აქვთ. შვერილი აფსიდის ხუთივე წახნაგს დეკორატიული თაღედი გადაუყვება, რომლებიც ორწყვილ ლილვს ეყრდნობიან. სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადის ცენტრში ეკლესიაში შესასვლელი კარის სწორკუთხა ღიობებია გაჭრილი. ორივე კარის მოჩარჩოება დეკორატიულ ელემენტებს შეიცავს, ჩრდილოეთის კარის თავზე ცრუ ლუნეტია გამოყვანილი რომლის თავზეც კარნიზის ქვეშ კარგად ნათალი რელიეფურ ზედაპირიანი სწორკუთხა ფილაა ჩასმული, რომელზეც წმინდა გიორგის ცხენზე ამხედრებული გამოსახულებაა მხედრული წარწერით, სადაც ეკლესიის შემომწირველი მოიხსენიება და თარიღიცაა მითითებული: 1853 წელი, 20 სექტემბერი. რაც შეეხება სამხრეთის კარის მოჩარჩოებას აქ ვხვდებით ორ პილასტრზე დაყრდნობილ სამკუთხა ფრონტონს, რომლის ქედზეც სამ სადგამიან სწორკუთხედში ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა, რომელიც მცენარეული ორნამენტებით არის შემკობილი. სამრეკლოს პირველი სართული როგორც უკვე ვახსენეთ ორ სვეტსა და ეკლესიის დასავლეთ კედელს ეყრდნობა. მეორე სართულს სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადზე თითო მცირე ზომის ოთხკუთხა სარკმლები აქვს დატანებული. მეორე სართული გაფორმებულია სამკუთხა ფრონტონებისა და ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ხოლო მესამე სართულზე რვაწახნაგა ფანჩატურის სვეტებს შორის ჭვირული მოაჯირებია ქვისგან ამოყვანილი. სამრეკლო კარიბჭის გავლის შემდეგ ეკლესიის დასავლეთ კედელზე ტაძარში შესასვლელი ცენტრალური კარის სწორკუთხა ღიობია დატანებული, რომლის თავზეც ასევე ნახევარწრიული ფორმის ცრუ ლუნეტია გამოსახული.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 42658