კოსტა-რიკის სამზარეულო

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კოსტა-რიკის სამზარეულო ugemuria ზომიერებითაა ცნობილი. ის ძალიანაა დამოკიდებული ახალ ხილსა და ბოსტნეულზე. ბრინჯი და შავი ლობიო ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებით მომზადებულ საკვებსაც, კოსტა-რიკელები ხშირად დღეში სამჯერ მიირთმევენ.[1] კოსტა-რიკული საკვები ნუტრიციულად ნოყიერია და მათი მომზადება ხშირად ახალთახალი ინგრედიენტებისგან ნულიდან იწყება.[2] ქვეყნის მდებარეობიდან გამომდინარე, ტროპიკული ხილი და ბოსტნეული ფართოდ ხელმისაწვდომია და ადგილობრივ სამზარეულოშიც გამოიყენება.[1]

კასადო

კოსტა-რიკის ტურისტულ და პროვინციულ ადგილებს შორის დიდი კონტრასტია. მეტად ურბანულ დასახლებებში კოსტა-რიკულ სამზარეულოსთან ერთად თითქმის ყველა სახის სამზარეულოსაც შეხვდებით. ისეთ დიდ ქალაქებში, როგორებიცაა კოსტა-რიკის დედაქალაქი სან-ხოსე და ტურისტებისთვის საყვარელი ზღვისპირა ადგილები, შეხვდებით ეთნიკურ საკვებთა ფართო სპექტრს, პერუს სამზარეულოთი დაწყებულს და იაპონურით დამთავრებულს.[3] ჩინური და იტალიური საკვები კოსტა-რიკელებში ძალიან პოპულარულია. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით შეხვდებით, თუმცა სხვადასხვა ხარისხისას.[1] საჭმელი კოსტა-რიკული კულტურის მნიშვნელოვანი ასპექტია. საოჯახო შეკრებები და დღესასწაულები ხშირად სწორედ სუფრისა და კერძების ირგვლივაა აგებული.[3]

ტრადიციული კერძები

რედაქტირება
 
ტიპური კოსტა-რიკული საუზმე: გაიო პინტო, შემწვარი ბანანი, შემწვარი კვერცხი და ფორთოხლის წვენი.

გაიო პინტო, რომელიც ესპანურად ლაქებიან მამალს ნიშნავს, კოსტა-რიკის ეროვნული კერძია. ის ერთად მოთუშული ბრინჯისა და ლობიოსგან შედგება. მას როგორც წესი საუზმეზე ერბოკვერცხთან და არაჟანთან, ან ყველთან ერთად მიირთმევენ. ბრინჯისა და ლობიოს ეს ნარევი ქინძით, წითელი წიწაკით, ხახვით, ნიახურითა და სალსა ლისანოთი იკმაზება.[4] ეს უკანასკნელი 1920 წელს შექმნილი კოსტა-რიკული საწებელია. გაიო პინტო ასევე მეზობელი ნიკარაგუის ეროვნული კერძიცაა და ლობიოს, ბრინჯისა და სანელებლების იდეალური რაოდენობის საკითხი, ხშირად ორ ქვეყანასა და მათ რეგიონებს შორის დავის საგანია. პინტო, როგორც ამ კერძს ადგილობრივები უწოდებენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან მისაღებ ფასებშია ხელმისაწვდომი.

ლანჩზე ტრადიციულ საკვებს კასადო განეკუთვნება. კასადო ესპანურად დაქორწინებულ მამაკაცს ნიშნავს. სახელი ძველი პერიოდიდან მოდის, როცა ცოლები მინდვრებში სამუშაოდ წასულ ქმრებს ლანჩს ბანანის ფოთლებში უხვევდნენ და ისე ატანდნენ. ის კვლავ ბრინჯისა და ლობიოსგან შედგება, თუმცა ამჯერად ისინი არა არეული, არამედ გვერდიგვერდაა დაწყობილი. ამას თან ახლავს რაიმე სახის ხორცი (საქონლის, თევზის, ღორის ან ქათმის) და სალათი.

ყავას, რომელიც კოსტა-რიკის ერთ-ერთი უდიდესი საექსპორტო პროდუქტია, თითქმის ყველა რესტორანსა და ოჯახში შემოგთავაზებენ. ის როგორც წესი მორთმეულია შავი ან რძით (ცნობილი როგორც - კაფე კონ ლეჩე, ესპ. ყავა რძით) და მაღალ ხარისხთან ერთად საკმაოდ ძლიერიცაა.[1]

აგუა დულჩე (ესპ. ტკბილი წყალი) შაქრის ლერწმის ცხელ წყალში გახსნით მზადდება. ეს ჩვეული კოსტა-რიკული სასმელია, თუმცა მას უფრო მეტად ქვეყნის შედარებით გრილ და მთაგორიან ნაწილებში შეხვდებით. აგუა დე პიპა - საწრუპიანი მწვანე ქოქოსია. მათი გამყიდველები ანუ პიპეროები, ქოქოსით ხელში ტურისტულ ადგილებში დადიან. როდესაც ვინმე აღნიშნულ მწვანე ქოქოსს შეიძენს, პიპერო მას მაჩეტეთი იქვე თავს მოაძრობს, შიგნით საწრუპს ჩაუშვებს და ისე მიართმევს კლიენტს.[4]

ყველაზე ხშირად მირთმეული ალკოჰოლური სასმელი კოსტა-რიკაში ლუდია. აქ ორი ყველაზე პოპულარული ლუდია, იმპერიალი და პილსენი. იმპერიალი 1924 წელს დაარსდა, ხოლო პილსენი 1888 წელს.[4]

ტკბილეული და დესერტი

რედაქტირება

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მირთმეული დესერტია ტრეს ლეჩეს, რომელიც ესპანურად სამ რძეს ნიშნავს. ეს ნამცხვარი ძირითადად რძისა და შაქრისგან შედგება. მის მოსამზადებლად სხვადასხვა სახის რძის გარდა ცხიმიანი ნაღები, კვერცხი, შაქარი, დარიჩინი, ცომის გამაფხვიერებელი, ვანილის ექსტრაქტი და მუქი რომი გამოიყენება.[5] ტრეს ლეჩე ბევრ რესტორანშია ხელმისაწვდომი და მას კოსტა-რიკელები ლანჩის ან სადილის შემდეგ მიირთმევენ.

ტიპური საშობაო დესერტია - კეკე ნავიდენიო, ანუ საშობაო ნამცხვარი. ის სხვადასხვა ხილის ჩირით მზადდება. გამოცხობამდე რამდენიმე დღე მას რომში გაჟღენთილს ინახავენ. ამიტომაც ადგილობრივები ხშირად ხუმრობენ ნამცხვრის ჭამით დათრობაზე. კოსტა-რიკელებს საშობაო ნამცხვრის მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრად მირთმევა უყვართ.[6]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Firestone, Matthew; Miranda, Carolina A; Soriano, César G (2010). Costa Rica. Footscray, Vic.: Lonely Planet. pp. 49–52.
  2. Mead, Rowland (2005). Costa Rica. New Holland: London. pp. 28–31.
  3. 3.0 3.1 Foley, Erin; Cooke, Barbara (2008). Costa Rica Tarrytown, NY: Marshall Cavendish Benchmark. pp. 121–131.
  4. 4.0 4.1 4.2 Kaiser, James (2013). Costa Rica: The Complete Guide (First ed.). Destination. pp. 82–88.
  5. Tres Leches Costa Rica Cooking. Archived from the original on 2019-02-04. Retrieved 2016-10-20.
  6. Holiday Food in Costa Rica დაარქივებული 2019-03-02 საიტზე Wayback Machine. Costa Rica. Retrieved 2016-10-20.