კოსის პლატო
კოსის პლატო (ფრანგ. Causse) — ღრმად ეროზირებული კირქვული პლატოების ჯგუფი სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში. წარმოადგენს ცენტრალური მასივის ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთით ესაზღვრება ლიმუზენისა და პერიგორის მაღლობები, აღმოსავლეთით ობრაკი და სევენები.[1]
კოსის პლატო | |
---|---|
კოორდინატები: 44°09′ ჩ. გ. 3°15′ ა. გ. / 44.150° ჩ. გ. 3.250° ა. გ. | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
სიმაღლე | 900–1200 მ |
სიგრძე | 100 კმ |
სიგანე | 50 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
სიმაღლე 900–1200 მ. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 100 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 50 კმ-ზე. აგებულია იურული ასაკის კარბონატული ქანებით.[2] დანაწევრებულია მდინარეების ტარნის, დორბის, ჟონტის, ლოსა და ავერონის ღრმა ხეობებით. განსაკუთრებით ღრმა და თვალწარმტაცი კანიონები გამომუშავებული აქვთ ტარნსა და ავერონს.[3]
პლატოებზე ფართოდაა გავრცელებული რელიეფის კარსტული ფორმები, მათ შორის მღვიმეები, კარსტული ძაბრები და სხვა. არის მრავალრიცხოვანი კარსტული წყაროები. დამახასიათებელია ფლატეებიანი კიდეები. დაფარულია მუხის, წიფლისა და ფიჭვის ტყეებით.[1]
კოს-დიუ-კერსის კავერნებში შემორჩენილია პრეისტორიული ადამიანის კვალი. კოს-დიუ-ლარზაკის დასავლეთ კიდეზე არსებული როკფორის მღვიმეები გამოიყენება სახელგანთქმული როკფორის ყველის დასამზადებლად. მეცხვარეობა ტურიზმის შემდეგ, რეგიონული ეკონომიკის მეორე საყრდენია. განვითარებულია ტურიზმი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.[4]
ტერმინი „Causse“ მომდინარეობს ოქსიტანური „Cauce“-სგან, რომელიც ნიშნავს „კირს“.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 John Gunn. Encyclopedia of Caves and Karst Science. 2004
- ↑ Causses du Quercy UNESCO Global Geopark
- ↑ Encyclopedia Britannica | Causses geological formation, France
- ↑ The Causses and the Cévennes, Mediterranean agro-pastoral Cultural Landscape
- ↑ A la découverte des noms de lieux du Quercy et des communes du Lot. 2002