კორომხეთის საწნახელი

კორომხეთის საწნახელიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა სანაპიროზე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ კორომხეთში.

ეს ტერიტორია წარმოადგენს მცირე ზომის მოვაკებას, სადაც უზარმაზარი კლდის ერთიანი მონოლითია. საწნახელი სწორედ ამ კლდოვანი ქანის უკიდურეს სამხრეთ მონაკვეთშია გამართული და დამხრობილია აღმოსავლეთ­-დასავლეთის ხაზზე. იგი შედგება ორი ნაწილისაგან — ­აბაზანისა და ისარნისაგან. აბაზანის შიდა ზომებია: სიგრძე­ 2,60 მ, სიგანე თავთან­ — 87 სმ, ბოლოში ­სადინარის მხარეს­ 93 სმ; სიღრმე უკანა კედლიდან ძირამდე ­81 სმ, შუა მონაკვეთში ­83 სმ, ბოლოს სადინართან­82 სმ. საწნახელის წინა კედელი დღეისათვის თითქმის მთელ სიგრძეზე მორღვეულია. საწური ხვრელი წრიული ფორმისაა. იგი 20 სმ სიგრძისაა. ისარნაც აღმოსავლეთის მხარეს დაზიანებულია. იგი თითქმის წრიული ფორმისაა. მისი დიამეტრი ­58 სმ­-ია, სიღრმე სადინარი ხვრელის მხარეს­ 56 სმ, აღმოსავლეთით შემორჩენილი სიღრმე­ 22 სმ­-ია. საწნახელის უკანა კედლის დასავლეთ მონაკვეთში ძირიდან 70 სმ-­ზე დატანილია ჭაჭის საწურის ხის ძელის თავისათვის განკუთვნილი ოთხკუთხა ფორმის (სიღრმე 12 სმ) ფოსო. აბაზანის თავში, დასავლეთის მხარეს, საწნახელის კვეთისას დაუტოვებიათ 45 სმ-ის ფართის ბალიში. იგი საწნახელის ძირიდან 23 სმ­-ზეა შემაღლებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 116-117

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11835