კონსუმერიზმი — სოციალური და ეკონომიკური წესრიგი, რომელიც მომხმარებელს სულ უფრო მეტი რაოდენობით პროდუქციისა და სერვისის შეძენისკენ უბიძგებს. კონსუმერიზმმა XX საუკუნეში ინდუსტრიულ რევოლუციასთან ერთად დაიწყო ზრდა, როცა მასობრივი წარმოება ზედმეტ, საჭიროზე მეტის წარმოებად იქცა, მომხმარებლის რეალური საჭიროების გაუთვალისწინებლად გაიზარდა პროდუქციის რაოდენობა და კომპანიებმა მომხმარებლის ხარჯვითი ქმედებების მანიპულირების მიზნით მიმართეს რეკლამასა და პროდუქციის დაგეგმილ მოძველებას.[1] 1899 წელს თორსტეინ ვებლენმა გამოაქვეყნა წიგნი კონსუმერიზმის შესახებ „უსაქმური კლასის თეორია“, რომელიც იკვლევს, თუ როგორ მოერგნენ ეკონომიკური ინსტიტუციები XX საუკუნის დასაწყისში გამოჩენილ „თავისუფალი დროის“ ფენომენს.[2] წიგნში ვებლენი ასახავს უსაქმური კლასის ხარჯვით ჩვევებს, რომელიც ძირითადად მყიდველის მიერ საკუთარი პრესტიჟის და სტატუსის წარმოჩენას ემსახურება და არაა დაკავშირებული პროდუქციის ფუნქციასთან და საჭიროებასთან.[3]

ელექტრონიკის მაღაზია სავაჭრო ცენტრში, ჯაკარტა (2002)

ეკონომიკაში კონსუმერიზმი, აბსტრაქტული გაგებით, არის იმის მიჩნევა, რომ მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი უნდა იყოს ძლიერი ორიენტირი მწარმოებლისთვის იმის გადაწყვეტაში, თუ რისი და რა სახის წარმოება უნდა მოხდეს, რაც თავის მხრივ საზოგადოების ეკონომიკური ორგანიზების ორიენტირი ხდება.[4]

კონსუმერიზმი ფართო კრიტიკის საგანია, როგორც იმ ინდივიდთა მიერ, რომლებიც ეკონომიკაში მონაწილეობის განსხვავებულ გზებს ირჩევენ (როგორიცაა მარტივი ან ნელი ცხოვრება), ასევე ექსპერტთა მიერ, რომლებიც მსოფლიოზე თანამედროვე კაპიტალიზმის ეფექტებს აფასებენ. ექსპერტები ხშირად ხაზს უსვამენ კავშირს კონსუმერიზმსა და ისეთ პრობლემებს შორის, როგორებიცაა ზრდის იმპერატივი და ზემოხმარება, რასაც გარემოზე უარყოფითი ზეგავლენა აქვს, მათ შორისაა პირდაპირი ეფექტები, როგორიცაა ბუნებრივი რესურსების ზედმეტი მოხმარება და ერთჯერადი პროდუქტების დიდი რაოდენობის გამოყენება და ზოგადი, ფართო ეფექტები, როგორიცაა კლიმატის ცვლილება. არაერთი კვლევა და კრიტიკა ხაზს უსვანს კონსუმერიზმის სოციოლოგიურ ეფექტებს, როგორებიცაა კლასობრივი ბარიერების გამყარება და უთანასწორობის წარმოქმნა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Czarnecka, Barbara; Schivinski, Bruno (2019). „Do Consumers Acculturated to Global Consumer Culture Buy More Impulsively? The Moderating Role of Attitudes towards and Beliefs about Advertising“ (PDF). Journal of Global Marketing. 0 (4): 219–238. doi:10.1080/08911762.2019.1600094. ISSN 0891-1762. S2CID 182181403.
  2. თორსტეინ ვებლენი (1899): უსაქმური კლასის თეორია: an economic study of institutions, Dover Publications, Mineola, N.Y., 1994, ISBN 0-486-28062-4. (also available: Project Gutenberg e-text დაარქივებული 2020-04-14 საიტზე Wayback Machine. )
  3. bookrags.com, The Theory of the Leisure Class: Summary & Study Guide Description
  4. "Consumerism". Britannica Concise Encyclopedia Online. 2008.