კონსტანდინ III
კონსტანდინ III[1] (სომხ. Կոստանդին Դ), აგრეთვე ცნობილია, როგორც კონსტანტინ V (ფრანგ. Constantin V; დ. 17 აპრილი, 1313 ― გ. 21 დეკემბერი, 1362) ― კილიკიის სომხეთის მეფე 1344-1362 წლებში ჰეთუმიანთა დინასტიიდან.
კონსტანდინ III | |
---|---|
მეფე კონსტანდინი სამეფო ტახტზე | |
კილიკიის სომხეთის მეფე | |
მმართ. წლები: | 1344-1362 |
წინამორბედი: | კონსტანდინ II |
მემკვიდრე: | კონსტანდინ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 17 აპრილი, 1313 |
გარდ. თარიღი: | 21 დეკემბერი, 1362, (49 წლის) |
მეუღლე: | მარია კორიკოსელი |
შვილები: |
ოშინი ლევონი |
დინასტია: | ჰეთუმიანები |
მამა: | ბოდუინ ჰეთუმიანი |
დედა: | მარია ბარბარონელი |
რელიგია: |
ჯერ სომხური სამოციქულო ეკლესია შემდეგ კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებამშობლები
რედაქტირებაკონსტანდინი დაიბადა 1313 წლის 17 აპრილს. მემატიანეთა ცნობებით იგი იყო ჰეთუმიანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენლისა და სომეხთა სამეფო მარშალ ბოდუინისა[2] და მისი მეუღლის, მარია ბარაბარონელის[3] ვაჟი. მამამისი ნეღირისა და პერცპერტის მმართველი იყო, რომელიც სომეხთა მეფე ჰეთუმ I-ის ძმისწული და, შესაბამისად მეფე კონსტანდინ II-ის ბიძაშვილი იყო. რაც შეეხება დედამისს, იგი ბარბარონის მმართველ ლევონის ასული იყო.
ქორწინება და შვილები
რედაქტირებადაახლოებით 1340 წელს კონსტანდინი დააქორწინეს მარია კორიკოსელზე (1321-1405)[4], კორიკოსის მმართველ ოშინისა და მისი ცოლის, ჯოვანა ტარანტოელის ასულზე. აღსანიშნავია, რომ თავის მხრივ ჯოვანა ანჟუელთა დინასტიის წარმომადგენელი და საფრანგეთის მეფის ნათესავი იყო.
კონსტანდინსა და მარიას სულ ორი ძე შეეძინათ: ოშინი (დ. ?? - გ. 1356) და ლევონი (1338-1357). მათი ორივე ვაჟი დაუქორწინებელი და უშვილო გარდაიცვალა, რის გამოც კონსტანდინს მემკვიდრეები არ ჰყოლია.
ტახტზე ასვლა და მეფობა
რედაქტირება1344 წელს, მას შემდეგ რაც მეფე კონსტანდინ II გარდაიცვალა, კონსტანტინ III-მ, როგორც მათმა უახლოესმა ნათესავმა მამის ხაზით, ისარგებლა მისი შვილიშვილების (რადგან მისი ძე უკვე გარდაცვლილი იყო) მცირეწლოვანებით და კილიკიის სომეხთა სამეფოს ტახტი დაიკავა. მისი მეფობა თავიდანვე ხასიათდებოდა ეგვიპტელ მამლუქებთან წარუმატებელი ომებითა და მიწების მუდმივი დაკარგვით.
კონსტანდინმა სცადა წინამორბედი მეფის, კონსტანდინის შვილიშვილების, ბოდუინისა და ლევონის დახოცვა სცადა, თუმცა მათ დედასთან, საქართველოს მეფე გიორგი V-ის ასულ სოლდანა ბაგრატიონთან ერთად მოასწრეს კვიპროსზე გაქცევა[5].
მიუხედავად სომხებში არსებული ანტილათინური განწყობისა, კონსტანდინ III-მ იცოდა, რომ სამეფოს გადასარჩენად დასავლური მხარდაჭერა სჭირდებოდა, რათა როგორმე აღეკვეთა მამლუქების წინსვლა. 1345 წელს შეკრიბა სომეხი დიდებულები, რომლებთან ერთადაც დასავლეთიდან დახმარების მიღების წასახალისებლად კათოლიკობა მიიღო. იგი ამის სანაცვლოდ ჯვაროსნულ ლაშქრობას ელოდა, თუმცა მისი გეგმები ჩაიშალა და მუსლიმთა მხრიდან ზეწოლა იზრდებოდა.
1347 წელს კონსტანდინ III-მ საფრანგეთის მეფე ფილიპ VI-ს, ასევე ინგლისის მეფე ედუარდ III-სა და თავად რომის პაპსაც ელჩები გაუგზავნა და პირდაპირ მოსთხოვა მათ მამლუქების მხრიდან ზეწოლის შესამცირებლად დახმარება, მაგრამ უშედეგოდ, რამეთუ დასავლური სამყარო ამ დროს საფრანგეთ-ინგლისს შორის მიმდინარე ასწლიანი ომით უფრო იყო დაკავებული. იმავე წლის მაისში მამლუქებმა აიღეს საპორტო ქალაქი ლაიაცო, რასაც 1359 წელს მოჰყვა ქალაქ ადანასა და თარსუსის დაკარგვაც.
1360 წელს კორიკოსის პორტი, იმის შიშით, რომ თავად მას ვეღარ დაიცავდა მამლუქებისაგან, კონსტანდინ III-მ კვიპროსისა და იერუსალიმის მეფე პეტრე I-ს გადასცა[6].
გარდაცვალება
რედაქტირებამართალია სიცოცხლის ბოლო წლებში კონსტანდინს აღარ ჰქონდა საგარეო პრობლემები, თუმცა ამჯერად სომეხთა სამეფოში შიგნით დაიწყო განხეთქილება, რელიგიური მიზეზებით. 1361 წელს სომხური სამოციქულო ეკლესიის პატრიარქმა მოიწვია სასულიერო პირების კრება და დაადასტურა მისი კათოლიკური ეკლესიისაგან გამოყოფა[7]. კონსტანდინ III გარდაიცვალა 1362 წლის 21 დეკემბერს ბუნებრივი მიზეზებით[8], უმემკვიდრეოდ. ვინაიდან სომეხ დიდებულებს აღარ ხიბლავდა გაკათოლიკებული პრინცი ლევონ ლუზინიანის გამეფება, ტახტი კონსტანდინ IV-ს მისცეს, ასევე ჰეთუმიანთა დინასტიიდან.
ლიტერატურა
რედაქტირება- Boase, T. S. R. (1978). The Cilician Kingdom of Armenia. Edinburgh: Scottish Academic Press. ISBN 0-7073-0145-9.
- Rüdt-Collenberg, W. H. (1963). The Rupenides, Hethumides and Lusignans: the Structure of the Armeno-Cilician Dynasties. Paris: Imprimerie A. Pignie.
- Thomas Sherrer Ross Boase, The Cilician Kingdom of Armenia, Edimburgo, Scottish Academic Press, 1978, ISBN 0-7073-0145-9.
- René Grousset, L'Empire du Levant: Histoire de la Question d'Orient, Parigi, Payot, 1949, p. 402, ISBN 2-228-12530-X.
- Prosopographisches Lexikon der Palaiologenzeit, I/1-8 Add., Nr. 92566, 1988, 171f.
- Henriette Kühl, Leon V. von Kleinarmenien. Ein Leben zwischen Orient und Okzident im Zeichen der Kreuzzugsbewegung Ende des 14. Jahrhunderts., Francoforte, Peter Lang GmbH Internationaler Verlag der Wissenschaften, 2000, ISBN 3-631-37180-2.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Costantino III secondo alcuni storici, che fanno ripartire la numerazione dei sovrani della Cilicia armena dall'inizio del regno.
- ↑ Recueil des historiens des croisades. Documents arméniens. Tome premier, p. 707.
- ↑ Foundation for Medieval Genealogy, EKINGS of ARMENIA 1344-1373 - BAUDOUINS, su fmg.ac.
- ↑ ES Genealogy : Armenia 2 - Constantine IV, su genealogy.euweb.cz.
- ↑ Recueil des historiens des croisades. Documents arméniens. Tome second, chap. XLI, XLII, XLIII e XLIV,32-34.
- ↑ Recueil des historiens des croisades. Documents arméniens. Tome premier,p. 711.
- ↑ Recueil des historiens des croisades. Documents arméniens. Tome premier, p. 713.
- ↑ Recueil des historiens des croisades. Documents arméniens. Tome second, chap. XLVII, p. 36.