კონრად ჰენლაინი (გერმ. Konrad Henlein; დ. 6 მაისი, 1898, მაფერსდორფი — გ. 10 მაისი, 1945, პლზენი) — სუდეტის ოლქის გერმანელი ნაცისტი პოლიტიკური მოღვაწე, 1930-იან წლებში სუდეტელი გერმანელების მოძრაობის ლიდერი ჩეხოსლოვაკიაში, 1938–1945 წლებში ნაცისტური გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, სს-ის ობერგრუპენფიურერი (1943).

ჰენლაინი 1938 წელს

დაიბადა წიგნებით მოვაჭრეთა ოჯახში. პროფესიით იყო ბანკის მოსამსახურე. 1916 წელს დაასრულა გაბლონცის (ახლანდ. იაბლონეც-ნად-ნისოუს) ვაჭრობის აკადემია. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ავსტრია-უნგრეთის არმიის შემადგენლობაში იბრძოდა იტალიის ფრონტზე. 1918 წელს მოხდა მისი ინტერნირება. 1919 წლიდან მუშაობდა დოიჩე ბანკის გაბლონცის განყოფილებაში, 1925 წლიდან იყო ფიზკულტურის მასწავლებელი ქალაქ აშში, სადაც შექმნა ნაციონალისტური სამხედრო ორგანიზაცია. 1931 წელს გახდა სუდეტის ტანვარჯიშის გერმანული კავშირის ხელმძღვანელი. 1933 წლის 1 ოქტომბერს ქალაქ ეგერში დააარსა სუდეტის გერმანელთა პატრიოტული ფრონტი, რომელიც გამოდიოდა ჩეხოსლოვაკიის შემადგენლობაში სუდეტებისათვის ავტონომიის მინიჭების მოთხოვნით. 1935 წლის აპრილში ფრონტი გარდაიქმნა სუდეტელ გერმანელთა პარტიად, რომელმაც მჭიდრო კავშირები დაამყარა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიასთან და გააჩაღა სუდეტის ოლქის გერმანიასთან მიერთებისკენ მიმართული საქმიანობა. 1938 წელს სათავეში ჩაუდგა სუდეტელ გერმანელთა მოხალისეობრივ კორპუსს. 1938 წლის მიუნხენის შეთანხმებისა და სუდეტის ოლქის გერმანიასთან შეერთების შემდეგ დაინიშნა მის გაულაიტერად და შტატჰალტერად, შეიყვანეს გერმანიის რაიხსტაგში, მიეცა სს-ის გრუპენფიურერის ფორმის ტარების უფლება. 1939 წლის იანვარში შევიდა ნაციონალ-სოციალისტურ პარტიაში, შემდგომში კი სს-ში. 1939 წლის მაისიდან იყო სუდეტის ოლქის (სუდეტლანდის) საიმპერიო ნაცვალი. 1942 წლის ნოემბრიდან სუდეტლანდის თავდაცვის საიმპერიო კომისარი. 1945 წლის მაისში დაატყვევეს ამერიკის მე-7 არმიის ნაწილებმა. თავი მოიკლა სამხედრო ტყვეების ბანაკში.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Генлейн, Хенляйн Конрад // Большая российская энциклопедия. т. 6. — М., 2006. — стр. 563.