კომბოსტოს ჭრაქი
კომბოსტოს ჭრაქი, კომბოსტოს პერენოსპოროზი — კომბოსტოს დაავადება. გამომწვევია ოომიცეტი Hyaloperonospora brassicae (იგივე Peronospora brassicae). განსაკუთრებით ძლიერ აზიანებს ბროკოლს, ყვავილოვან კომბოსტოს, ტურნეფსს, თალგამურას, შედარებით ნაკლებად — თავიან და ბრიუსელის კომბოსტოს, რაფსს.[1]
ჩითილის გამოყვანის პერიოდში დაავადებულ მცენარეებს ლებანფოთლების და ფოთლების ზედაპირზე უჩნდებათ ღია ყვითელი ან ყვითელი არასწორი ფორმის ლაქები. ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობის პირობებში, დაზიანებულ ფოთლებზე არსებული ლაქების ქვედა მხარეს წარმოიქმნება ფხვიერი ნაღები, რომელიც შედგება კონიდიათმტარებისა და კონიდიოსპორებისაგან. თავდაპირველად ლაქები მცირე ზომისაა, შემდეგ კი დაავადების განვითარების პარალელურად იზრდება, იღებს მუქ შეფერილობას და შესაძლებელია დაფაროს ფოთლის მთელი ზედაპირი. ძლიერად დაზიანებული მცენარე ლპება და რამდენიმე დღეში იღუპება. შენახვის პერიოდში დაავადება ასევე ვრცელდება კომბოსტოს თავებზე. ამ დროს გარეთა ფოთლებზე ვითარდება მონაცრისფრო ლაქები, რომლებიც შემდეგ მუქდება და იწვევს კომბოსტოს ლპობას.[2]
ბრძოლის ღონისძიებები: კულტურათა მონაცვლეობა, ბრძოლა სარეველების წინააღმდეგ, დაზიანებული მცენარეების მოცილება და განადგურება, შესაბამისი ქიმიური წამლობების განხორციელება.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ OEPP/EPPO (1998). Vegetable brassicas. EPPO Standards PP2 Good Plant Protection Practice, no. 7. European and Mediterranean Plant Protection Organization.
- ↑ 2.0 2.1 მემარნიშვილი, ნ.; კელენჯერიძე, ნ.; ხეთერელი, ა.. კომბოსტოს წარმოების აგროტექნოლოგია. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია. gfa.org.ge (2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-28. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2020.