კობის კოშკი
კობის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფელ კობის მოპირდაპირე მხარეს. თერგის გაღმა. თარიღდება XVII საუკუნის II ნახევრით.
კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,8x8,2 მ). ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. ქვედა სართულებისა და კუთხეების ქვები უკეთაა დამუშავებული. შემორჩენილია კოშკის სამხრეთი ნაწილი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ შენობა ხუთსართულიანი ყოფილა. ოთხი სართული საცხოვრებელიც იყო და სათავდაცვოც. მეხუთე — საბრძოლო ბანი. შემორჩენილ კედლებში, პირველ და მეორე სართულზე, სამხრეთით თაღოვანი შესასვლელებია. პირველი სართულის დანარჩენი კედლები ყრუა. მეორე სართულის სამხრეთ კედელში ორი სათოფურია, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში კი — თითო-თითო. აღმოსავლეთ კედელში ერთი მცირე სარკმელიცაა. მას საფეხურებად დამუშავებული რაფა აქვს. სათოფურების რაოდენობა ზედა სართულებში მატულობს. მესამე სართულზე ხუთი სათოფურია. მ. შ. სამი სამხრეთ კედელშია, თითო-თითო — აღმოსავლეთით და დასავლეთით მდებარე კედლებში. სამხრეთ კედლის ზედა ნაწილში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. მეოთხე სართულის სამხრეთ კედელში ექვსი სათოფურია, ერთი აღმოსავლეთ კედელში. სამხრეთ კედლის შუაში მოზრდილი ოთხკუთხა ნიშია, ნიშს გარედან სწორკუთხა შვერილი აქვს, რომლის იატაკშ მოწყობილია თოფის გასაყოფი წვრილი ხვრელები.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 463-464.